საქართველო მიწვეული არ არის ევროკავშირის მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე, სადაც გაფართოების საკითხს განიხილავენ. არაფორმალური სამიტი ნიშნავს, რომ არ ხდება ოფიციალური დოკუმენტების ხელმოწერა.
ევროპულ საქმეთა მინისტრების შეხვედრა 10-11 მაისს კვიპროსზე, ნიქოზიაში გაიმართება. კვიპროსი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა.
მინისტერიალს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა, დაესწრებიან წევრობის პოტენციური და კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებიც, თუმცა – არა საქართველოდან.
„საქართველოს მთავრობის ქმედებათა კურსის გათვალისწინებით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუძემდებლურ ღირებულებებსა და პრინციპებს, საქართველოს გაწევრიანების პროცესი 2024 წელს დე ფაქტო შეჩერდა. აქედან გამომდინარე და წინა თავმჯდომარეობების პრაქტიკის გათვალისწინებით, საქართველო მიწვეული არაა“, – უთხრეს „ნეტგაზეთს“ კვიპროსის თავმჯდომარეობის პრესსამსახურში.
მათ დასძინეს, რომ ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებსა და ქვეყნის გზას გაწევრებისკენ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება შეიცვლის მოქმედებათა ამჟამინდელ კურსს.
მინისტერიალის ანონსის თანახმად, დღის წესრიგის საკვანძო ნაწილი ევროკავშირის გაფართოება იქნება.
ევროკავშირს საქართველოსთან მაღალი დონის კომუნიკაცია თითქმის 2 წელია, არ აქვს. დიალოგის ერთადერთი ფორმატი, რომელშიც საქართველო ჯერ ისევ რჩება, არის ევროპული პოლიტიკური გაერთიანება (EPC), რომლის ბოლო სამიტიც გუშინ, 4 მაისს ერევანში გაიმართა.