კობახიძე: ჩვენ კონცენტრირებული ვართ ინვესტორზე, ანაკლიის პორტი ყველა შემთხვევაში აშენდება

პუბლიკა

ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძე BMG-ის შეკითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ სახელმწიფო ინვესტორთან მოლაპარაკებებზეა კონცენტრირებული.

მისივე თქმით, „ანაკლიის პორტი ყველა შემთხვევაში აშენდება სათანადო ვადებში და მოემსახურება ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის შემდგომ განვითარებას“.

„ჩვენ კონცენტრირებული ვართ ინვესტორზე. ანაკლიის პორტი აშენდება და სახელმწიფო მაქსიმალურ სარგებელს და მოგებას მიიღებს ამ პროექტიდან. დანარჩენი დეტალები დაზუსტდება. ჩვენ კონცენტრირებული ვართ ინვესტორთან მოლაპარაკებებზე. ყველა შემთხვევაში ანაკლია აშენდება, აშენდება ვადებში და მოემსახურება ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო ფუნქციების განვითარებას”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.


საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გენერალური გეგმის, ე.წ მასტრეპლანის ალტერნატივებზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად bm.ge-მ გაავრცელა.

ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ 24 აპრილს უკვე გააფორმა კონტრაქტი ჰოლანდიურ კომპანია PORT CONSULTANT ROTTERDAM-თან.

კონტრაქტის ღირებულება 101,480 ევროა.

კონტრაქტში წერია, რომ:

საჭიროა ანაკლიის ღრმაწყლოვაწი პორტის (ADSP) გენერალური გეგმის ალტერნატივების შესწავლა და სხვადასხვა ტიპის ტვირთის განთავსებისა და დამუშავების შესაძლებლობებისა და შეზღუდვების გააზრება. აქედან გამომდინარე, ADSP ტალღმტეხისა და დაღრმავების ფაქტობრივი განლაგების საწყის წერტილად აღებით, სააგენტომ სთხოვა Port Consultants Rotterdam-ს (PCR) ასეთი საკონსულტაციო მომსახურების გაწევა, რადგან მას აქვს როგორც პორტის გენერალური დაგეგმარების ფართო გამოცდილება, ასევე აწაკლიის პორტის პროექტის კარგი ცოდნა, რაც განპირობებულია სააგენტოსთან/საქართველოს მთავრობასთან ტექნიკური მრჩევლის სახით ხანგრძლივი გამოცდილებით. კონსულტანტმა თანხმობა განაცხადა საკონსულტაციო მომსახურებისთვის საჭირო საქმიანობის განხორციელებაზე.

თუმცა, კონტრაქტში არ არის დაკონკრეტებული, რამ განაპირობა ალტერნატივების შესწავლის საჭიროება.

ხელშეკრულების თანახმად, ნიდერლანდურმა კომპანიამ ასევე უნდა შეიმუშაოს ტვირთნაკადის პროგნოზი 2050 წლამდე.

2024 წლის აგვისტოში გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად, ზღვის ფსკერის დაღრმავების და ტალღმჭრელის მოწყობაზე ბელგიური კომპანია Jan De Nul მუშაობს. 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტით, ანაკლიის პორტის სამუშაოების დაფინანსება 100 მილიონი ლარით, 50 მილიონ ლარამდე შემცირდა.

გეგმის მიხედვით, ნავსადგურის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, მისი წლიური გამტარუნარიანობა დაახლოებით 600 ათას TEU-ს (7.8 მილიონ ტონა ტვირთს) შეადგენს. პროექტი ასევე ითვალისწინებს ფსკერის მინიმუმ 16 მეტრამდე დაღრმავებას.

მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის მაისში გამართულ კონკურსში გამარჯვებულად ჩინური სახელმწიფო კონსორციუმი CCCC გამოცხადდა, საინვესტიციო ხელშეკრულებაზე ხელი დღემდე არ მოუწერიათ. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ჩინური მხარე მიიღებს პორტის წილის 49%-ს. ასევე, კომპანია აიღებს ვალდებულებას, განახორციელოს მრავალმილიონიანი ინვესტიცია და უზრუნველყოს ობიექტის მართვა.

2026 წლის 26 მარტს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელ პიტერ ანდრეოლის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა გააცნო.