ტრამპის ვიზიტის შემდეგ ჩინეთში პუტინი ჩავა 

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტის შემდეგ ჩინეთში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩავა.

კრემლის განცხადებით, მიზანი „ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებაა“.

პუტინის 2-დღიანი ვიზიტი 19 მაისს დაიწყება.

კრემლის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პუტინი და სი „გაცვლიან მოსაზრებებს საკვანძო საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე“ და მოლაპარაკებების დასასრულს ხელი მოაწერენ ერთობლივ დეკლარაციას.

ვიზიტის ფარგლებში პუტინი ასევე გეგმავს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის საკითხების განხილვას ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი ციანთან.

პუტინის ჩინეთში ვიზიტის შესახებ განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ტრამპმა 15 მაისს თავისი ვიზიტი დაასრულა. ეს აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იყო ჩინეთში ბოლო 10 წლის განმავლობაში. მოლაპარაკეკებზე გადაუჭრელი დარჩა სავაჭრო და გეოპოლიტიკური უთანხმოებები, მათ შორის როგორც ირანთან, ისე უკრაინა-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით.

ტრამპმა განაცხადა, რომ მან და სი ძიპინმა ირანის საკითხი განიხილეს და მათი პოზიციები „ძალიან ჰგავდა“ ერთმანეთს. ჩინეთის ლიდერს კომენტარი არ გაუკეთებია. მოგვიანებიტ ტრამპმა დასძინა, რომ იგი ირანის საკითხზე „არანაირ შეღავათს ან დახმარებას არ ითხოვდა“.

რაც შეეხება რუსეთ-უკრაინას – ტრამპის ჩინეთში ჩასვლამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას სთხოვა, სი ძიპინთან მოლაპარაკებების დროს წამოეჭრა საკითხი, თუ როგორ უნდა შეჩერდეს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი.

ჩინეთს უკრაინის საკითხთან ოფიციალურად ნეიტრალური პოზიცია უჭირავს და რეგულარულად მოუწოდებს მხარეებს მოლაპარაკებებისკენ საომარი მოქმედებების დასასრულებლად. თუმცა, მიუხედავად ამისა, მას არასოდეს დაუგმია რუსეთის შეჭრა უკრაინაში.