პაპუაშვილი ჩინეთში კომუნისტური პარტიის პოლიტიკური ბიუროს წევრსა და თავის კოლეგას შეხვდა

პუბლიკა

შალვა პაპუაშვილი ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილი ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტიკური ბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრს, ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის (CPPCC) თავმჯდომარეს, ვანგ ჰიუნინგს, მოგვიანებით კი ჩინეთის პარლამენტის – ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს, ჭაო ლეძის შეხვდა.

პრესრელიზის მიხედვით, ვანგ ჰიუნინგთან შეხვედრაზე პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო და ჩინეთი იზიარებენ ეროვნული სუვერენიტეტის, მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის მიმართ ერთგულებას, ასევე, მტკიცედ უჭერენ მხარს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, საერთაშორისო წესრიგის განმტკიცებას და საერთაშორისო ურთიერთობებში თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის დაცვას.

ამავე პრესრელიზის მიხედვით, ჩინურმა მხარემ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

„მხარეებმა ხაზი გაუსვეს დღევანდელ ტურბულენტურ სამყაროში დაკავშირებადობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საკითხებში თანამშრომლობის მნიშვნელობას. აღინიშნა საქართველოს მონაწილეობა ჩინეთის „სარტყლისა და გზის ინიციატივაში“, ასევე, შუა დერეფნის პოტენციალის უკეთ ათვისების საჭიროება“, – აღნიშნულია პრესრელიზში.

რაც შეეხება ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას, პარლამენტის ინფორმაციით, პაპუაშვილმა ჩინურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. შალვა პაპუაშვილმა, ასევე, დაადასტურა „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მიმართ საქართველოს ერთგულება. მხარეებმა აღნიშნეს, რომ დღევანდელ არასტაბილურ სამყაროში, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების მხარდაჭერა სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ჩინელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.