ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.
ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზის თანახმად, დროებითი შეთანხმება მიღწეულია ორ რეგულაციაზე, რომლებიც მიზნად ისახავს ევროკავშირი-აშშ-ის 2025 წლის 21 აგვისტოს ერთობლივი განცხადების სატარიფო ასპექტების იმპლემენტაციას.
გასული წლის ივლისში ევროკავშირი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, რომ აშშ ევროპულ პროდუქციაზე მაქსიმუმ 15%-იან ტარიფს დააწესებდა. თუმცა, ბრიუსელი არ ჩქარობდა საპასუხო ნაბიჯის გადადგმას და საპასუხოდ აშშ-დან იმპორტირებული საქონლის უმეტესობაზე გადასახადების გაუქმებას, რამაც პრეზიდენტ ტრამპის მძაფრი უკმაყოფილება გამოიწვია.
ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების შენელება განაპირობა დონალდ ტრამპის განცხადებებმა აშშ-ის მიერ გრენლანდიის ხელში ჩაგდებაზე.
დღეს მიღწეული შეთანხმების მიზანია „სტაბილური და პროგნოზირებადი ტრანსატლანტიკური სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერება, ამავდროულად საიმედო დამცავი მექანიზმების უზრუნველყოფა და მოქნილობის შენარჩუნება, რათა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იყოს ევროკავშირის ეკონომიკური ინტერესების დაცვა“.
პირველი (მთავარი) რეგულაცია აუქმებს საბაჟო გადასახადებს აშშ-ის სამრეწველო საქონელზე და ანიჭებს ბაზარზე შეღავათიან ხელმისაწვდომობას, მათ შორის სატარიფო კვოტებისა (TRQs) და შემცირებული ტარიფების მეშვეობით აშშ-ის ზღვის პროდუქტებისა და არასენსიტიური სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გარკვეული სახეობებისთვის. მეორე რეგულაცია ფოკუსირებულია ლობსტერების იმპორტზე, მათ შორის გადამუშავებულ ლობსტერებზე საბაჟო გადასახადის შეჩერების ვადის გაგრძელებაზე.
შეთანხმება მოიცავს სპეციალურ დამცავ მექანიზმს, რომელიც ევროკავშირს საშუალებას აძლევს, რეაგირება მოახდინოს აშშ-იდან იმპორტის შესაძლო მნიშვნელოვან ზრდაზე, რაც ზიანს აყენებს ან საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მწარმოებლებს; ან იმ შემთხვევაში, თუ აშშ არ შეასრულებს ერთობლივი განცხადების პირობებს ან დისკრიმინაციულად იმოქმედებს ევროპული ოპერატორების წინააღმდეგ.
ამასთანავე, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს აშშ-სთვის დაწესებული შეღავათები ფოლადისა და ალუმინის პროდუქტებზე, თუ 2026 წლის 31 დეკემბრისთვის აშშ გააგრძელებს 15%-ზე მაღალი სატარიფო განაკვეთის გამოყენებას ევროკავშირიდან იმპორტირებულ ფოლადისა და ალუმინის ნაწარმზე.
ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი შეთანხმდნენ, რომ რეგულაციის მოქმედება შეწყდება 2029 წლის ბოლოს, თუ შემდგომი ზომები არ იქნება მიღებული.
ევროკავშირსა და აშშ-ს მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობა აქვთ, რაც გლობალური საქონლისა და მომსახურების ვაჭრობის თითქმის 30%-ს, ხოლო გლობალური მშპ-ის 43%-ს შეადგენს. 2024 წელს მათ შორის ვაჭრობამ დაახლოებით 1.7 ტრილიონი ევრო შეადგინა. აღნიშნული ორი რეგულაციის პროექტი ევროკომისიამ 2025 წლის 28 აგვისტოს წარადგინა.