ოფიციალური მონაცემებისა და წყაროების თანახმად ბოლო დღეებში უკრაინული დრონების თავდასხმების შემდეგ, ცენტრალურ რუსეთში მდებარე პრაქტიკულად ყველა მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იძულებული გახდა, შეეჩერებინა ან შეემცირებინა საწვავის გამოშვება. ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს ინფორმაციას.
Reuters-ის მიხედვით, იმ ქარხნების ჯამური სიმძლავრე, რომლებმაც სრულად ან ნაწილობრივ შეაჩერეს მუშაობა, აღემატება 83 მილიონ მეტრულ ტონას წელიწადში, ანუ დაახლოებით 238,000 ტონას დღეში. მონაცემებისა და იმ წყაროების მიხედვით, რომლებმაც სააგენტოსთან ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, ეს შეადგენს რუსეთის ნავთობგადამუშავების მთლიანი სიმძლავრის დაახლოებით მეოთხედს.
ამ ქარხნების ერთობლივი წილი რუსეთის საწვავის გამოშვებაში შეადგენს 30%-ზე მეტს ბენზინისთვის და დაახლოებით 25%-ს დიზელისთვის.
რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ Reuters-ს კომენტარის მოთხოვნაზე არ უპასუხა.
უკრაინამ გააძლიერა დრონების თავდასხმები რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე და წლის დასაწყისიდან გააორმაგა სამიზნეში ამოღებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების რაოდენობა. დარტყმებმა, რომლებიც შეეხო მილსადენებსა და შესანახ ობიექტებს, შეამცირა რუსეთის ნავთობის გამოშვება, რამაც დამატებითი ზეწოლა შექმნა მოსკოვის ფედერალურ ბიუჯეტზე, სადაც ნავთობისა და გაზის გადასახადებზე მოდის შემოსავლების დაახლოებით მეოთხედი.
სამიზნეში ამოღებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შორისაა „კირიში“ დასავლეთ რუსეთში, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ასევე ქარხნები ნიჟნი ნოვგოროდში (მდინარე ვოლგაზე), რიაზანსა და იაროსლავლში.
წყაროების თანახმად, რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ქარხანა „კირიში“, რომლის სიმძლავრეც წელიწადში 20 მილიონი მეტრული ტონაა, 5 მაისიდან სრულად გაჩერებულია.
კიდევ ერთ მსხვილ ქარხანაზე, „ნიჟეგოროდნეფტეორგსინთეზზე“, რომლის წლიური სიმძლავრე 17 მილიონი ტონაა, თავდასხმა 20 მაისს განხორციელდა. ჯერჯერობით უცნობია, შეძლო თუ არა NORSI-მ მუშაობის ნაწილობრივ შენარჩუნება.