ელისო კილაძის საქმე ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე დანარჩენი პირების საქმეს გამოეყო და ისევ დაიხურა

პუბლიკა

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების” ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე დანარჩენი 9 პირის საქმეს გამოეყო და ცალკე წარმოებად, ისევ სრულად დახურულ რეჟიმში წარიმართება. ინფორმაციას გამოცემა „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, პროცესის დაწყებისას, პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოწმეთა უსაფრთხოებით ახსნა. მისივე თქმით, პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოება დიდი რისკის ქვეშაა, ვინაიდან ბრალდებულები, მათ შორის, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მამხილებელ ჩვენებებს იძლევიან. პროკურორის განმარტებით, ასევე მათზე შესაძლოა, ზეწოლა განხორციელდეს.

შუამდგომლობას, სხდომის დახურვის თაობაზე, არ ეთანხმება „ქრონიკა +“-ის დამფუძნებელი ელისო კილაძე, რომელმა წინასასამართლო სხდომაზე დღეს თავის სიტყვაში ისაუბრა. ჟურნალისტის თქმით, მამუკა მდინარაძემ ისარგებლა იმით, რომ ბოლო პერიოდში ფარცხალაძის სახელი და გვარის აქტიურად ჟღერდებოდა და „ისიც მიაბა“. კილაძის თქმით, მთელი სამი თვეა, მისი და ფარცხალაძის კავშირი ვერ იპოვეს.

„პირდაპირ რომ დამხვრიტოთ, არა?… რა თქმა უნდა, დახურვას არ ვეთანხმები, ამ მოწმეების ვინაობა 3 თვეა, ცნობილია და არანაირი ზემოქმედება მათზე არ ყოფილა, ეს ყურით მოტანილი მიზეზია.

3 თვეა, სატელეფონო ზარები, ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია და წერილები ამიკრძალეს.

მდინარაძის და გვარაკიძის ბრალს არ ვაღიარებ და არ ვეთანხმები, ეს არის მამუკა მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე, ეს აუცილებლად გამოძიებული იქნება დიდი ალბათობით, ამ ხელისუფლების პირობებში.

ციხეში დავალპობო ნათქვამი აქვს[მდინარაძეს], ვნახოთ, ვინ, სად განაწილდება რუსთავის სამთავრობო კვარტალში…

მდინარაძის ოცნება დროებით ახდა, „ქრონიკა პლუსი“ დახურულია, „ფეისბუქიდან” ჩემი პოსტები წაშლილია, მე ვარ მამუკა მდინარაძის ტყვე, ის ელოდებოდა, რომ ვიტირებდი და თხოვნებს გავუგზავნიდი, ციხემ ვერ გამტეხა და ვერც გამტეხავს, ამ საქმეს ჩამოგიშლით, ამის გეშინიათ, ამიტომ ხურავთ ამ პროცესს რომ ჩუმად გამასამართლოთ, მაგრამ ასე ვერ იქნება. ციხეში ვიქნები თუ ციხის გარეთ, ბრძოლა რაც დაწყებულია, ბოლომდე მივა

რაც შეეხება „ქოლ ცენტრებს“, ორგანიზებულ ჯგუფს თქვენ აფარებთ ხელს. ხომ თვლიან, რომ დამნაშავე ვარ, გამასამართლეთ საჯაროდ.

მე შეთქმულების თეორიებზე არ ვსაუბრობ, ვსაუბრობ ფაქტებზე, ისეთ რამეს მაბრალებენ, რასაც ვებრძოდი. „ქოლ ცენტრებით“ დაინტერესება დაიწყო ლევან ხაბეიშვილის შემდეგ, ის თანამდებობის პირებს ასახელებდა, მე მეორე მხარეს, კეზერაშვილს და ა.შ. ერთადერთი ბერკეტი მრჩება, სასამართლოზე მოწმეთა ჩვენებები ჩამოვანგრიო, მინდა პროცესი იყოს ღია.

მეუბნებიან, რომ თაღლთი ვარ, ვიღაც გერმანელები მოვატყუე და მეუბნებიან, რომ ვარ „ფულის გამთეთრებელი“, უნდათ, რომ რეპუტაციულად დაასრულონ ჟურნალისტი ელისო კილაძე და დაასრულეთ საჯაროდ“, – განაცხადა კილაძემ.

გამოცემის თქმით, სასამართლო სხდომაზე ელისო კილაძემ განაცხადა, რომ წერს წიგნს, რომელიც „იქნება ძალიან სკანდალური”.

„ციხე არ არის განაჩენი და იქ ძალიან კარგი ადამიანები მუშაობენ. არ შეგეშინდეთ, რომ მე ციხეში ვარ. ძალიან მაგარი ადამიანები არიან, რიგითი ბადრაგიდან დაწყებული, ექთნით დამთავრებული. წიგნს ვწერ და იქნება ძალიან სკანდალური”, – განაცხადა კილაძემ|„ინტერპრესნიუსი”

დღეს ელისო კილაძის ადვოკატმა გააჟღერა ინფორმაცია, რომ ელისო კილაძის სისხლის სამართლის საქმის მასალები გამოყოფილია ორგანიზებულთა ჯგუფიდან იქიდან გამომდინარე, რომ ალბათ, კავშირი ვერ ნახეს ელისო კილაძესა და „იმ ორგანიზებულ ჯგუფს” შორის.

2026 წლის 18 თებერვალს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით, ათი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ბრალი წარედგინათ ელისო კილაძეს, ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი მიქაძეს, დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს, მიხეილ ჩოხელს, გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით გამოტანილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.