რუსეთის სახელმწიფოს მიერ მართული Sputnik-ის ცნობით, საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა.
ინიციატივა პრორუსულ ორგანიზაციას „ევრაზიის ინსტიტუტსა“ და რამდენიმე სხვა ჯგუფს ეკუთვნის.
რუსეთის პროპაგანდისტული არხის ცნობით, ინიციატივის მთავარი მიზანია საჯარო სივრცეში დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და ანტირუსული რიტორიკის შემთხვევების გამოვლენა და ანალიზი.
ორგანიზატორების თქმით, საბჭო შეაგროვებს ინფორმაციას ფაქტებზე, რომლებიც, მათი შეფასებით, რუსოფობიის გამოვლენად მიიჩნევა: „რუსეთის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებიდან და ისტორიული მოვლენების დამახინჯებიდან დაწყებული, ენობრივი ან ეთნიკური კუთვნილების საფუძველზე დისკრიმინაციით დამთავრებული.“
Sputnik-ის მიხედვით, მონიტორინგი შეეხება მხოლოდ ფიზიკური და იურიდიული პირების საჯარო განცხადებებს, პუბლიკაციებსა და ქმედებებს. საბჭოს ფარგლებში ასევე შეიქმნება იურიდიული ჯგუფი, რომელიც გამოვლენილ შემთხვევებს სამართლებრივ შეფასებას მისცემს და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სააპელაციო საჩივრების მომზადებას უზრუნველყოფს.
მონიტორინგის შედეგების გამოქვეყნება სამ თვეში ერთხელ იგეგმება.
Sputnik წერს, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ 2022 წლის თებერვლის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებსა და მოვლენებს.
„ინიციატივის ავტორები მიიჩნევენ, რომ ბოლო წლებში საქართველოში ანტირუსული განცხადებებისა და აქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ორგანიზატორებმა ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდეს, ხელი შეუწყონ ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლას და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეროვნული და ენობრივი მრავალფეროვნების პატივისცემის შენარჩუნება სოციალური სტაბილურობის მნიშვნელოვან პირობად რჩება“, – ნათქვამია Sputnik-ის მიერ 22 მაისს გავრცელებულ სიახლეში.
რუსოფობია არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება რუსეთის, რუსი ხალხის, რუსული კულტურის, ენის ან რუსული სახელმწიფოებრიობის მიმართ ნეგატიური განწყობის, სიძულვილის, შიშის, ზიზღის ან წინასწარგანწყობის აღსანიშნავად, თუმცა აღსანიშნავია, რომ თანამედროვე პოლიტიკურ რეალობაში, კრიტიკოსთა და მკვლევართა აზრით, კრემლი და რუსეთის სახელმწიფო მედია ამ ტერმინს ხშირად იყენებენ როგორც პროპაგანდისტულ იარაღს.
რუსეთის ხელისუფლების მისამართით გამოთქმული ნებისმიერი ლეგიტიმური პოლიტიკური კრიტიკა, საერთაშორისო სანქციები ან უკრაინაში მიმდინარე ომის დაგმობა ოფიციალური მოსკოვის მიერ ხშირად იარლიყდება, როგორც „რუსოფობია“, რათა მოხდეს კრიტიკის დისკრედიტაცია და შიდა აუდიტორიაში მსხვერპლის ნარატივის შექმნა.