ავტორი: არშალუის ბარსეღიანი
თურქული მედიების ცნობით, თურქეთის ეროვნული ავიაკომპანია Turkish Airlines-ის სატვირთო გადაზიდვების სერვისმა Turkish Cargo-მ კვირას სტამბოლსა და ერევანს შორის პირველი რეგულარული სატვირთო რეისი შეასრულა. გადაზიდული ტვირთის მოცულობისა და სახეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.
1993 წელს, მთიანი ყარაბაღის პირველი ომის დროს, აზერბაიჯანისადმი სოლიდარობის ნიშნად, თურქეთმა ცალმხრივად გაწყვიტა სომხეთთან დიპლომატიური ურთიერთობები და ორ ქვეყანას შორის სახმელეთო საზღვარი ჩაკეტა. მას შემდეგ საზღვარი დაკეტილია, მათ შორის, სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვებისთვისაც.
„რეგიონული მენეჯმენტისა და ოპერაციების გუნდის კოორდინაციით განხორციელებული ეს სპეციალური რეისი ორ ქვეყანას შორის ტვირთის ეფექტიანი და საიმედო გადაზიდვის შესაძლებლობას ქმნის და ამავდროულად გლობალური ლოგისტიკური ქსელის გაფართოებას უწყობს ხელს“, – ერს თურქული საავიაციო ვებგვერდი Aeroportist.
სატვირთო გადაზიდვების დაწყებას წინ უძღოდა Turkish Airlines-ის მიერ 2026 წლის მარტში სტამბოლი-ერევანი-სტამბოლის მიმართულებით რეგულარული სამგზავრო ფრენების აღდგენა, რაც ორი ქვეყნის მიერ ურთიერთობების ნორმალიზებისკენ გადადგმული ნაბიჯების ნაწილია.
მანამდე ერევანსა და სტამბოლს შორის ერთადერთი საჰაერო კავშირი თურქული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის, Pegasus-ის მეშვეობით ხორციელდებოდა მას შემდეგ, რაც 2023 წელს თურქეთის მთავრობის მიერ დაწესებული აკრძალვის გამო, სომხური ავიაკომპანია FlyOne Armenia იძულებული გახდა თურქეთის საჰაერო სივრცის გავლით ფრენები შეეჩერებინა.
სატვირთო რეისის შესრულებამდე რამდენიმე დღით ადრე სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ანტალიაში, COP31-ის ლიდერთა სამიტის ფარგლებში შეხვდა.

ორი ქვეყნის ლიდერმა ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი განიხილა და „ხაზი გაუსვა ამ პროცესის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანის მნიშვნელობას“.
შეხვედრის შემდეგ ფაშინიანმა გამოთქვა რწმენა, რომ „უახლოეს მომავალში თურქეთთან ურთიერთობების სრულ ნორმალიზებას მივაღწევთ“. მისი თქმით, შეხვედრაზე ორივე მხარემ აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით პროგრესი მიღწეულია და ისინი საბოლოო ნაბიჯთან – დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებასა და საზღვრების სრულად გახსნასთან ძალიან ახლოს არიან.
მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს მხარეები შეთანხმდნენ, მესამე ქვეყნების მოქალაქეებისა და დიპლომატებისათვის საერთო სახმელეთო საზღვრის გახსნაზე, თურქეთმა მისი სრულად გახსნა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესში პროგრესს დაუკავშირა. თავის მხრივ, სომხეთის ოფიციალურმა პირებმა აპრილში აზერბაიჯანი ნორმალიზების პროცესის შეფერხებაში დაადანაშაულეს.
თუმცა, აღნიშნული სატვირთო რეისი მიმდინარე წელს ორმხრივ ურთიერთობებში განვითარებული მოვლენების სერიის უახლესი მაგალითია.
ოქტომბერში სომხეთმა და თურქეთმა გიუმრი-ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენისა და ექსპლუატაციაში გაშვების საკითხი განიხილეს. ერევანი ენერგიის ალტერნატიული წყაროების მოძიებასა და ანკარასთან ურთიერთობების ნორმალიზებას ცდილობს.
მანამდე, მაისში, ფაშინიანმა განაცხადა, რომ საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი ახალქალაქი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთი სომხეთის ექსპორტისა და იმპორტისთვის „უკვე გახსნილია“.
იმავე თვეში თურქეთმა სომხეთთან ვაჭრობაზე დაწესებული შეზღუდვები გააუქმა. შედეგად, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ოპერაციების განხორციელება შესაძლებელი გახდა ისე, რომ საქონლის საზღვრის გადაკვეთამდე მესამე ქვეყანაში ხელახალი რეგისტრაცია აღარ არის საჭირო.
გარდა ამისა, სომხეთისა და თურქეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლებმა რამდენიმე შეხვედრა გამართეს.
1 იანვრიდან სომხეთმა და თურქეთმა დიპლომატიური, სპეციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო პროცედურები „გაამარტივეს“.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.