ირაკლი კობახიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
კობახიძის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვისა და კონკრეტულ გზამკვლევზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე.
„მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ორმხრივი ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან განახლებისთვის.
აღინიშნა, რომ მისასალმებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინტერესი საქართველოსადმი, რასაც ადასტურებს ბოლო პერიოდის კონტაქტების ინტენსივობაც. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორის როლს რეგიონში.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის, მომავალშიც შეუწყოს ხელში რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ მიმართულ ძალისხმევას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციია უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან.
აშშ-ის საელჩოდან „პუბლიკას“ მოგვწერეს, რომ ვიზიტი 24 მასს დაიწყო და 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. სახდეპის წარმომადგენლები ხვდებიან მთავრობის, პოლიტიკური პარტიების და ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე სასულიერო პირებს.
„შეხვედრები ფოკუსირებული იქნება იმაზე, თუ რა არის საჭირო ჩვენი ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ქართველი და ამერიკელი ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესების გზაზე დასაყენებლად“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს პრესსამსახურის წერილში.
აშშ-ის საელჩოს ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან:
- ჩარლზ იოქი, თანაშემწე საგანგებო საკითხებში, სახელმწიფო მდივნის აპარატი;
- პიტერ ანდრეოლი, რუსეთისა და კავკასიის საკითხთა ოფისის დირექტორი, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი
პეტერ ანდრეოლი საქართველოში მარტშიც იმყოფებოდა. ამ ვიზიტის დროს ის ანაკლიაში ჩავიდა და პორტის განვითარების გეგმას გაეცნო.