აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის თქმით, მას ბაქოს აეროპორტში ქვეყნიდან გასვლის უფლება არ მისცეს.
„ქვეყნის დატოვება ამიკრძალეს. საბაჟოზე მითხრეს, რომ ეს აკრძალვა რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააწესა…
ჩემ წინააღმდეგ არ ფიქსირდება არანაირი კანონდარღვევა, არ მიმდინარეობს გამოძიება ან სისხლის სამართლის საქმე.
მერე კი ამბობენ, რომ აფგან სადიგოვი აკრიტიკებს ამ ხელისუფლებას – ბანდიტებს, ტირანებს, მკვლელებს, კორუმპირებულ ჩინოვნიკებს.
აბა, რა უნდა ქნა, თუ არ გააკრიტიკებ ხელისუფლებას, რომელიც შედგება ისეთი უზნეო და გაუნათლებელი ჩინოვნიკებისგან, რომლებიც ჩაგრავენ ხალხს და დაუნდობლად უსწორდებიან მათ. რომლებიც არიან მაფიოზები, მანიაკები, თვითნებურები, თაღლითები, სახელმწიფო ბიუჯეტის მძარცველები; რომელთა ხელებიც თითის წვერებიდან მხრებამდე სისხლშია გასვრილი; რომლებიც ახორციელებენ შეკვეთილ პოლიტიკურ რეპრესიებსა და მკვლელობებს?!
აზერბაიჯანის ხელისუფლება კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავს. თუ აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებმა, რომლებიც არაფრად აგდებენ საერთაშორისო სამართალსა და ნორმებს, ერთობლივად, ასე უხეშად დაარღვიეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და გამომაძევეს აზერბაიჯანში, მაშინ მათგან ყველანაირ დანაშაულსა და საფრთხეს უნდა ველოდოთ!
ძირს დიქტატურა!
დასრულდეს რეპრესიები!
თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს!“ – წერს აფგან სადიგოვი.
აფგან სადიგოვმა ბაქოში საერთაშორისო პასპორტი 1 მაისს აიღო. მისი ოჯახი იმედოვნებდა, რომ აფგანი ქვეყნის დატოვებას და მათთან შეხვედრას შეძლებდა. აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში „ქართულმა ოცნებამ“ გააძევა.
2026 წლის 4 აპრილს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ღამის 4 საათზე საგანგებოდ ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა „სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფის საქმეზე“ სამართალდამრღვევად ცნო და მისი აზერბაიჯანში გაძევების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
სადიგოვს საქართველოში 3 წლით შემოსვლა აუკრძალა და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ის სამართალდამრღვევად ცნეს შემდეგი პოსტის გამო: „იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან, ხელფასისა და „პაგონების“ სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ“.
სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 1 აპრილს აზერბაიჯანში სადიგოვის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერება.
3 აპრილს ქართულმა სასამართლომ გააუქმა მასზე დაკისრებული გირაო და გადაადგილების შეზღუდვა. 4 აპრილს კი აფგან სადიგოვი თბილისში ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება საქართველოში და აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა.
2024 წლის 9 მაისს აზერბაიჯანში აფგან სადიგოვის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, 13 მაისს კი აზერბაიჯანულმა მხარემ ექსტრადიციის მოთხოვნით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს.
2024 წლის 18 ივლისს აფგან სადიგოვს ოჯახთან ერთად მცდელობა ჰქონდა, რომ გამგზავრებულიყო თურქეთში, რის საშუალებაც მესაზღვრეებმა არ მისცეს და უთხრეს, რომ მეუღლესა და შვილებს შეეძლოთ საზღვრის გადაკვეთა, თუმცა აფგან სადიგოვს მხოლოდ აზერბაიჯანში დაბრუნება შეეძლო.
იმავე წლის 3 აგვისტოს ის საქართველოში დააკავეს. სადიგოვმა 9 თვე გაატარა საემიგრაციო პატიმრობაში. გათავისუფლების შემდეგ მას არ ეძლეოდა საქართველოს დატოვების შესაძლებლობა.