გორში მომხდარზე პროკურატურამ გამოძიება პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, გორში მომხდარზე გამოძიება პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო – სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს „გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“.

გამოცემა „qartli.ge”-მ გორის კომბინატის დასახლებიდან გაავრცელა კადრები, რომელზეც ჩანს, რომ პოლიციელები დაკავებულ მოქალაქეზე ძალადობენ.

ტელეკომპანია „ფორმულა“ ასევე ავრცელებს კადრებს, სადაც პოლიციელი ჟურნალისტებს განუმარტავს, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დაკავებულ პირს „ცივი იარაღი ჰქონდა და იმ პერიოდში [დაკავებისას] გაუვნებლებული არ იყო.

ამ დროისთთვის უცნობია, რას უკავშირდებოდა საგამოძიებო მოქმედებები.