ბრიტანეთი: სანქცირებულმა ქართულმა კომპანიებმა რუსეთისთვის $70 მილიონზე მეტი ტრანზაქციები გაატარეს

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთის მთავრობა დამატებით ინფორმაციას ავრცელებს საქართველოში რეგისტრირებული იმ სამი კომპანიის შესახებ, რომლებიც დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ახალ პაკეტში მოხვდა.

ბრიტანეთი აცხადებს, რომ უკრაინის მხრდაჭერის მიზნით აძლიერებს ზეწოლას პუტინის სამხედრო მანქანაზე და მიზანში იღებს კრიპტო და უკანონო ფინანსურ ქსელებს, რომლებსაც რუსეთი ბრიტანული სანქციების გვერდის ასავლელად იყენებს.

ბრიტანეთის განცხადებით, ახალი სანქციები ეხება კრემლის მიერ მხარდაჭერილ „A7 ქსელს“, რომელიც აქტიურად იყენებს ყირგიზეთის ფინანსურ სისტემებს რუსეთის სამხედრო ეკონომიკაში თანხის გადასარიცხად.

გაერთიანებული სამეფო აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინის რეჟიმი სულ უფრო და უფრო მეტად გრძნობს სანქციებისგან გამოწვეულ ეკონომიკურ ზეწოლას, ისევე, როგორც წნეხს ბრძოლის ველზე უკრაინის მხრიდან.

2026 წლის მაისში რუსეთმა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.3%-დან სულ რაღაც 0.4%-მდე შეამცირა, ხოლო 2027 წლის პროგნოზი გაანახევრა.

ბრიტანეთის მთავრობა აღნიშნავს, რომ ვინაიდან არსებული სანქციები კვლავ მძიმედ მოქმედებს, კრემლმა სამართლებრივი შეზღუდვების გვერდის ავლის მიზნით სულ უფრო მეტად დაუწყო ძებნა ე.წ. „შავ ქსელებსა“ და ჩრდილოვან ფინანსურ სისტემებს.

გუშინ ბრიტანეთმა სანქციები სულ 18 კომპანიას დაუწესა.

განცხადების თანახმად, თავად A7 ქსელის ცნობით, 2025 წელს 90 მილიარდ დოლარზე მეტი გადარიცხა, რაც რუსეთის ყოველწლიური სამხედრო ხარჯების დაახლოებით ნახევარს უტოლდება.

„სანქციების პაკეტში შედის საქართველოში რეგისტრირებული სამი კომპანია, რომლებიც კრიპტო-გაცვლის პლატფორმებს იყენებენ რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდების მიზნით.

სანქცირებულ სუბიექტებთან მათ მიერ განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა სულ მცირე 70 მილიონ დოლარს შეადგენს“, – ნათქვამია ბრიტანეთის განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტის თანახმად, სანქციები საქართველოში დაფუძნებულ შემდეგ კომპანიებს დაუწესდათ: Arvix LLC-ს, Rapira Group LLC-სა და Aifory LLC-ს.