რას ჰყვება გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის მეგობრის დედა

პუბლიკა

გორში, „კომბინატის“ ტერიტორიაზე პოლიციელების მხრიდან ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ახლობლები მომხდარის დეტალებზე საუბრობენ. ნინო ელიკაშვილის თქმით, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ლოცულაშვილი შესვენებიდან სამსახურში ბრუნდებოდა და პოლიციელებს მანქანის არასწორად გაჩერებაზე შენიშვნა მისცა.

„შენიშვნა რომ უთხრა, ალბათ, ამათი აგრესია გამოიწვია და მაგაზე დაუწყეს ეს დაუნდობელი ცემა… ვიღაცა რომ ლამის გადაგივლის, ამოიღებ ხმას, აბა არ ამოიღებ?! – ამბობს ნინო ელიკაშვილი.

ნინო ელიკაშვილის შვილი – საბა აბისულაშვილი გორში, „კომბინატში“, მომხდარს თავად შეესწრო. სწორედ ის დგას გავრცელებულ კადრებში პაპუნა ლოცულაშვილთან ერთად, შსს-ის თანამშრომლები მასაც ურტყამენ და შემდეგ ძალის გამოყენებით ადგილიდან გაჰყავთ.

„3-4 წლის ასაკიდან მოდიან ერთად და მეგობრობენ. ჩვენ გვაქვს ავეჯის საწყობი. [პაპუნა] მისული იყო შესვენებაზე. მიირთვეს და ჩემი შვილი დარჩა საწყობში. ის წავიდა თავის გზაზე. რომ გავიდა, ფეხით მიდიოდა და გადაუჭრეს გზა, მანქანა მიუყენეს ცუდად. გამატარეთო, ამას უთქვამს. გადმოსულა ერთი და დაუწყია ამისთვის ცემა. ერთი მანქანით იყვნენ და მერე ეს რომ დაიწყო, რეკავდნენ ესენი. მოდიოდა და მოდიოდა ეკიპაჟი, თითქოს რაღაცა ისეთ კრიმინალს ჰქონდა ადგილი. თუ დააშავა ადამიანმა, თუ კანონის დამცველი ხარ, მიდი და გაარკვიე ადამიანი კანონში. ეს უღმერთო ცემა-ტყეპა არ ვიცი. ესეთი წამება ადამიანის რანაირად?..“ – ამბობს ნინო ელიკაშვილი ჩვენთან საუბარში.

დღეს, 28 მაისს, პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით 6 პოლიციელი დააკავა. ნინო ელიკაშვილი ამბობს, რომ დასაკავებელ პირთა რაოდენობა კიდევ უნდა გაიზარდოს. 

„საკმაოდ ბევრნი იყვნენ, [დაკავებულ] 6-ს კიდევ 6 უნდა მიაყოლო, ყველა დანაშულის მონაწილეა. ყველამ ერთი და იგივე დანაშაული ჩაიდინა, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ერთხელ დაარტყა, ვინ ორჯერ, ყველა დასაჭერია”.

ლაშა აბისულაშვილის დედა ჩვენთან საუბარში ჰყვება, რომ კომბინატი, სადაც შემთხვევა მოხდა, მათ საწყობთან ახლოს, კუთხეშია. „ეს ცოტა მიგდებული ადგილია, მანდ ხან მოდიან ხოლმე პოლიციელები მიირთმევენ, ხან ტაქსის მძღოლები დგანან, მიყრუებული ადგილია”- ამბობს აბისულაშვილის დედა.

როგორც თავად გვიყვება, ცემა 15 წუთს გრძელდებოდა. „იყო საუბარი, რომ რაღაც შეეკერათ და დაეღუპათ ეგ ბავშვი. [ისმოდა ყვირილი] 3-წლიანი ან 7-წლიანი, სისხლზე გაუშვი” – ამბობს  ელიკაშვილი.

ცემის შედეგად, ოჯახის ახლობლის თქმით, პაპუნა ლოცულაშვილს ამ დროისთვის აქვს ტვინის შერყევა, ჩაქცევები და ნეკნი აქვს ჩატეხილი.

„ფსიქოლოგიურად ხო ვიცი, როგორც იქნება ეს ბავშვი, კიდე ამას კლავს სირცხვილის გრძნობა, კიდევ ეს იფარებს სახეზე ხელს, თითქოს ეს იყოს დამნაშავე. ვერ წარმოიდვენთ, რა სულის ადამიანია ეს და როგორ შეიძლებოდა ამას ვინმეზე ხელი აეწია” – ამბობს ლაშა აბისულაშვილის დედა საუბარში.

27 მაისს „ქართლის ამბებმა” და „ფორმულამ” გაავრცელეს, კადრები, რომელშიც ჩანდა, როგორ ძალადობდნენ პოლიციელები ფიზიკურად 2 ადამიანზე გორში, „კომბინატის” ტერიტორიაზე. პირი, რომელსაც შსს-ის წარმომადგენლები სცემდნენ, გორში, საქართველოს ბანკის თანამშრომელი, 29 წლის პაპუნა ლოცულაშვილია.