სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით დაკავებულ 6 პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა მიიღო.
საქმეზე ბრალდებული პოლიციელები არიან: ალექსი ბადალოვი, ვლადიმერ გოდერძიშვილი, ვანიკო მისირელი, გიორგი წკრიალაშვილი, ბესო მალაციძე და საბა წაველიძე.
არცერთი მათგანი დღევანდელ სხდომას არ დასწრებია.
ბრალდების მხარემ პოლიციელებისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. პროკურორმა ნინო ზურაბიშვილმა თქვა, რომ არსებობს მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და განმეორებითი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, პატიმრობის შუამდგომლობას ადვოკატები არ დაეთანხმნენ.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, გიორგი წკრიალაშვილის ადვოკატმა, ზაზა მინდიაშვილმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, შესაბამისად, მისი მხრიდან მიმალვის საფრთხე არ არსებობს. ადვოკატმა გიორგი წკრიალაშვილის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა.
ბრალდებულ საბა წაველიძის ადვოკატის, ზურა კაპანაძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი 19 წლისაა. „რადიო თავისუფლების“ ცნობით, ადვოკატმა განაცხადა, რომ „ასეთ ასაკში პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არაა“ და მან წაველიძისთვის ელექტროსამაჯურის, შინაპატიმრობისა და ალტერნატიული ღონისძიებების გამოყენება მოითხოვა.
პატიმრობის გამოყენებას არც ბესო მალაციძის ადვოკატი დაეთანხმა. დაცვის მხარემ მისი 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენება იშუამდგომლა.
5000-5000-ლარიანი გირაოს გამოყენება მოითხოვა ვლადიმერ გოდერძიშვილისა და ივანე მისირელის ადვოკატმა, ვანო სამხარაძემაც. მისი თქმით, ორივე ბრალდებული თავს დამნაშავედ ცნობს.
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, ადვოკატმა განაცხადა, რომ ვლადიმერ გოდერძიშვილი ახლა სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება და გადის მკურნალობას. მას მიყენებული უნდა ჰქონდეს დაზიანება აპოლონ [პაპუნა] ლოცულაშვილის მხრიდან, ამის შეფასებას და გამოძიებას პროკურატურა მოახდენს“.
რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს, ალექსი ბადალოვის ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების ან 5000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 24 ივლისს ჩაინიშნა.
28 მაისს პროკურატურამ გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის შემდეგ 6 პოლიციელი დააკავა.
უწყების ინფორმაციით, 2026 წლის 27 მაისს ქალაქ გორში, ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. ძალადობის შედეგად არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა.
ექვსივე პოლიციელს ბრალდება წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, გამოძიება დაწყებულია დაზარალებულ პაპუნა ლოცულაშვილის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, 28 მაისს განაცხადა, რომ „მოქალაქე შეაჩერეს, რომელიც არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და სამინისტროს თანამშრომელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“.