სუსმა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი მოქალაქის დაკავების შესახებ განაცხადა

პუბლიკა

სუსმა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი მოქალაქის დაკავების შესახებ განაცხადა.

სუსში გამართულ ბრიფინგზე ლაშა მაღრაძემ განაცხადა, რომ ბრალდებული ჟურნალისტურ, ექსპერტულ და სხვა პროფესიულ წრეებში არსებული პირადი კონტაქტების მეშვეობით სისტემურად ახორციელებდა უცხო ქვეყნისთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას.

„დაკავებულს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლებთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული, კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული, ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე, წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით.

ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ კონტაქტის, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, დაშიფვრის სხვადასხვა მეთოდით.

გადაცემული სხვადასხვა კატეგორიის ინფორმაცია მოიცავდა საქართველოსა და რეგიონში, მათ შორის მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებული ვითარების შესახებ სპეცსამსახურებისთვის საინტერესო მონაცემებს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, რომ დაკავებული, ონლაინ პლატფორმის საფარით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებების შესაბამისად, მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას. ასევე ახორციელებდა სპეცსამსახურებისგან მიღებული თანხების განაწილებას სადაზვერვო ქსელის წევრებს შორის, აძლევდა მათ შესაბამის დავალებებს და აკონტროლებდა შესრულების პროცესს.

გარდა ამისა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლის დავალებითა და დაფინანსებით, დაკავებული პირი პერიოდულად გადაადგილდებოდა სხვა ქვეყნებშიც და იქ არსებული კავშირების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დაინტერესების შესაბამისად, მოიპოვებდა სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციას“ – განაცხადა მაღრაძემ.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ამ ბრიფინგამდე სამი საათით ადრე სუსმა კიდევ ერთი ბრიფინგი გამართა, რომელზეც პრორუსი გულბაათ რცხილაძის დაკავების შესახებ განაცხადა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დაკავებული ორი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობდა. უწყება არ აზუსტებს, რომელ ქვეყნებზეა საუბარი.

„ჯაშუშობაში ბრალდებულ პირს, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებითა და დაფინანსებით, შესაბამისი აქტივობების წარმართვის მიზნით, შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებასაც.

საყურადღებოა, რომ ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას“, – აცხადებს სუსი.