ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ეკა ბარბაქაძემ მიიღო. პროცესი დახურული იყო. მხარეებს გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი.
პროკურატურა ირაკლი ჩიხლაძეს ჯაშუშობას ედავება. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით აქვს წარდგენილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ „ჩიხლაძე ონლაინპლატფორმის საფარით სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს მართავდა. კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას. ასევე ახორციელებდა სპეცსამსახურებისგან მიღებული თანხების განაწილებას სადაზვერვო ქსელის წევრებს შორის, აძლევდა მათ შესაბამის დავალებებს და აკონტროლებდა შესრულების პროცესს“.
ირაკლი ჩიხლაძის პოზიციაა, რომ მას არასდროს ქვეყნის საზიანო ნაბიჯი არ გადაუდგამს და რომელიმე უცხო ქვეყნის წარმომადგენლისთვის საიდუმლო დოკუმენტი ან ინფორმაციის შემცველი საგანი არ გადაუცია. ოჯახი საჯაროობას და გამჭვირვალობას მოითხოვს.
„მას ბრალად დასდეს ქმედება, რომელიც არ ჩაუდენია და არც იმის საშუალება არ აქვს, რომ თავი დაიცვას ქვეყნის, საზოგადოებისა და ხალხის წინაშე. მას არ აქვს უფლება საქმეში წარმოდგენილი ის მტკიცებულება გაასაჯაროოს, რას ედავებიან. მისთვის ამოუხსნელია, რატომ დააკავეს და რატომ შეურაცხეს ეს ბრალი“, – აცხადებს ადვოკატი გიორგი გელხაური.
პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა განაცხადა, რომ მან სასამართლოზე დასვა შეკითხვა, რა საიდუმლო ინფორმაცია ან დოკუმენტი გადასცა ირაკლი ჩიხლაძემ საკონტაქტო პირს ან ქვეყნის ინტერესების დაზიანება რაში გამოიხატა, ეს განემარტათ, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.
ადვოკატმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მას გაუთქმელობის ხელწერილი აქვს დადებული და ვერ ისაუბრეს საქმეში არსებულ მასალებზე.
„გამოვიდეს პროკურორი, გრიფით საიდუმლო მოხსნას და ყველა მასალას წარმოგიდგენთ. ირაკლი ამ ეტაპზე სარგებლობს დუმილის უფლებით, მას არანაირი პოზიცია არ დაუფიქსირებია“, – განაცხადა ადვოკატმა.
ირაკლი ჩიხლაძე 2026 წლის 30 მაისს დააკავეს.
ის 2008 წლის აგვისტოს ომში მოკლული ჟურნალისტის, გიგა ჩიხლაძის ძმაა. საჯარო წყაროებით, ირაკლი ჩიხლაძე ინტერნეტგამოცემა „ახალი კავკასიის“ თანამშრომელია. პლატფორმაზე მისი ავტორობით არაერთი მასალა იძებნება.
„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის, გოგა აფციაურის ინფორმაციით, ჩიხლაძე სამშვიდობო პროექტებში იყო ჩართული. მან გაიხსენა ერთ-ერთი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ქართველი, აფხაზი და ოსი ჟურნალისტები ერთმანეთს შეხვდნენ პროფესიულ საკითხებზე სასაუბროდ. მისივე ინფორმაციით, ჩიხლაძე მუშაობდა ცხინვალელ სამოქალაქო აქტივისტებთან და ჟურნალისტებთან.