ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად გაიხსნა.
გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა, ასევე, თურქეთის და აზერბაიჯანის ტრანსპორტისა და ეკონომიკის მინისტრებმა. ცერემონიალს დაესწრნენ სომხეთის, ყაზახეთის და უზბეკეთის წარმომადგენლები.
ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ „ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთი რეგიონში განხორციელებული ერთ-ერთი უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომლის სიგრძე მარაბდიდან თურქეთის საზღვრამდე 180 კმ-ია, საიდანაც რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 153 კმ ლიანდაგს და აშენდა 27 კმ სიგრძის სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების სარკინიგზო ხაზი“.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა 2017 წლიდან დღემდე სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებდა.
საქართველოზე რკინიგზის 254-კილომეტრიანი მონაკვეთი გადის.
კობახიძემ თქვა, რომ მას შემდეგ მოხდა „1.8 მლნ ტონაზე მეტი ტვირთის გადაზიდვა“.
„ეს სარკინიგზო ხაზი შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, შუა დერეფანს კი ევროპისა და აზიის დაკავშირებადობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
მარშრუტის სრულად ამოქმედებით სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენი რეგიონის სატრანზიტო შესაძლებლობებს და კიდევ უფრო აძლიერებს შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
მოგვიანებით ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს პროექტში სომხეთის ჩართვის შესაძლებლობაზე ჰკითხა.
კობახიძემ თქვა, რომ „როდესაც ვსაუბრობთ საქართველოში დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაზე, სომხეთს ენიჭება ძალიან დიდი მნიშვნელობა“.
„ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალურად გავაღრმავოთ ურთიერთობები და პარტნიორობა ჩვენს სომეხ მეგობრებთან, მათ შორის სატრანზიტო ფუნქციის განვითარების კუთხით. ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური აქტიურობა ამ მიმართულებით“, – თქვა მან.