ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მამუკა მდინარაძის ოჯახმა საცხოვრებელი ბინა მეგობრის ძმას მიჰყიდა.
მამუკა მდინარაძემ ქონებრივი დეკლარაცია 2026 წლის 31 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში წარადგინა. დღეს იგი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას იკავებს.
დეკლარაციის თანახმად, მდინარაძის მეუღლემ, ნათია კუნჭულიამ, 2025 წლის 21 იანვარს გაასხვისა ცინცაძის ქუჩაზე მდებარე 119.23 კვადრატული მეტრის ფართობის საცხოვრებელი ბინა. ქონების მყიდველი არჩილ გელაშვილია, მამუკა მდინარაძის მეგობრის გიორგი გელაშვილის ძმა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უძრავი ქონება 252 000 აშშ დოლარად გაიყიდა, საიდანაც მყიდველს ანგარიშგების მომენტისთვის 182 000 დოლარი ჰქონდა გადახდილი.
აღნიშნულ საკითხზე მამუკა მდინარაძეს ბრიფინგის დროს ვკითხეთ, რატომ გადაწყვიტა ოჯახის საკუთრებაში არსებული ქონების სწორედ მისი ახლო გარემოცვის წარმომადგენელზე გასხვისება.
„მან გამოთქვა შეძენის სურვილი, ერთადერთი მიზეზი ეს იყო. My home-ზეც მედო, სხვათა შორის… მერე გამოთქვა სურვილი ჩემი მეგობრის ძმამ. ამ ბინაში ერთხელაც არ ვყოფილვარ ამის შემდეგ.
ადრე რაც გამიყიდია უძრავი ქონება, ისიც ახლობელმა შეიძინა მაშინ და ცხოვრობს იქ. ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მერი იყო. თუ ვიცნობ ადამიანს, ახლობელია და შესაბამისი მატერიალური შესაძლებლობა აქვს, არ მივყიდო?” – გვპასუხობს მამუკა მდინარაძე.
დეკლარაციის მიხედვით, არჩილ გელაშვილს საცხოვრებელი სახლის საფასურიდან დარჩენილი 70 000 აშშ დოლარის დაფარვა შეუძლია როგორც თანხით, ისე მის საკუთრებაში არსებული ავტომობილის გადაცემით. საუბარია 2024 წლის Land Rover Defender-ზე.
აღნიშნულ საკითხზე მამუკა მდინარაძეს ვკითხეთ, მიიღო თუ არა მან ავტომობილი ან დარჩენილი თანხა. მისი თქმით, ამ ეტაპზე არც ავტომობილი გადასცემიათ ოფიციალურად და არც თანხა მიუღიათ. თუმცა განმარტა, რომ ავტომობილი ცოტა ხნის წინ ფაქტობრივ სარგებლობაში გადავიდა.
„ფაქტობრივ მფლობელობაში [გადმოგვეცა] ცოტა ხნის წინ, მაგრამ ეს ისეთი დეტალებია უხერხულიც კია ოჯახური თემების გატანა. იყო ფაქტობრივი მფლობელობის შესახებ ასეთი საუბარი, შემდეგ თუ თანხას გადაიხდიდა, აღარ გადმოფორმდებოდა ჩვენზე და ასეთი უხერხული ოჯახური დეტალებია”, – ამბობს მდინარაძე.
ძველი უძრავი ქონების გასხვისებიდან მეორე დღეს, მდინარაძეებმა მშენებარე კორპუსში ახალი ბინა შეიძინეს.
რადგან დეკლარაციის მიხედვით, ოჯახის საკუთრებაში არსებული ერთადერთი ბინა გასულ წელს გაიყიდა, ხოლო ახალი ბინა ჯერ მშენებარეა, მამუკა მდინარაძეს ვკითხეთ, თუ სად ცხოვრობენ ისინი ამჟამად. მისი თქმით, ის კვლავ სიმამრის ბინაში ცხოვრობს, სადაც მანამდე ცხოვრობდა.
თანამდებობის პირის ქონებრივი გარიგებებით დაინტერესებისა და ბრიფინგზე გაჟღერებული კითხვების შემდეგ, მამუკა მდინარაძემ გაკვირვება გამოთქვა – რატომ ხდება მისი ოჯახის ფინანსური დეტალები მედიის ყურადღების საგანი და თქვა, რომ მას კოროფციასთან კავშირი არ აქვს.
„ასეთი კითხვა უნდა დასვა იმის გასარკვევად, რომ ადამიანი, თანამდებობის პირი, რომელსაც რაღაც გადაწყვეტილებაზე მიუწვდება ხელი, არის თუ არ არის კორუფციაში.
მე შემიძლია პირობა დავდო თქვენ წინაშე იმდენად დარწმუნებული ვარ საკუთარ მოქმედებებში წარსულში და მომავალში.
გარანტიას ვიძლევი ვერცერთ თეთრს, ცხოვრების განმავლობაში ვერ მიპოვით ვერასდროს დაუსაბუთებელს. იმიტომ კი არა, რომ ასეთი სადღაც მაქვს გადამალული. იმიტომ, რომ ბუნებაში არ არის ასეთი. სიცოცხლით ვიძლევი გარანტიას და ნებისმიერი სახის პასუხისმგებლობას ავიღებ, თუ თქვენ ერთ თეთრს დაუსაბუთებელს ან ისეთს მიპოვით, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ჩემს სამსახურთან”, – გვეუბნება მამუკა მდინარაძე.
დავუბრუნდეთ დეკლარაციას, ახალი მშენებარე ბინა 2025 წლის 22 იანვარს, მამუკა მდინარაძის მეუღლემ, ნათია კუნჭულიამ, დანელიას ქუჩის №61-ში შეიძინა. სავარაუდოდ, საუბარია გიორგი დანელიას ქუჩაზე არსებულ კომპანია „ფილიგრინის“ საცხოვრებელ კომპლექსზე.
დეკლარაციაში ბინის ფართობის არ ჩანს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ 200 000 აშშ დოლარად შეფასებული უძრავი ქონების ღირებულებიდან ნათია კუნჭულიას დეკლარაციის შევსების მომენტისთვის 130 000 აშშ დოლარი ჰქონდა გადახდილი. ამავე დოკუმენტის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულება მხოლოდ ნოტარიულად არის დამოწმებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის.
როგორც საჯარო რეესტრში განგვიმარტეს, ზოგადად, მხოლოდ ნოტარიუსთან დადებული ხელშეკრულებით ქონების განკარგვა არ ხდება. იმისათვის, რომ პირი უძრავი ქონების მფლობელად დაფიქსირდეს, აუცილებელია საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
ჩვენ მდინარაძეს ვკითხეთ, რატომ არ არის ასახული რეესტრში ბინის შეძენა. მისი განმარტებით, ბინა სრულად გამოსყიდული ჯერ არ არის და საჯარო რეესტრში თანხის სრულად გადახდის შემდეგ აისახება.
ხელშეკრულების პირობების თანახმად, დარჩენილი თანხის დასაფარად ოჯახმა ყოველ კვარტალში 7 500 დოლარი უნდა გადაიხადოს.