ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრა სასარგებლო იყო.
მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას მუშაობა სჭირდება და ამას ალტერნატივა არ აქვს.
„საკითხები, რომლებთან დაკავშირებული ხედვაც ჩვენ მოვისმინეთ მშობლებისგან არის განსაკუთრებული ინტერესის საგანი და ჩვენთვის ეს არის გარემოება, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. არ არის მარტივი ამ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება, ვინაიდან საუბარია 4 ტიპის მედიკამენტზე, რომელთა ირგვლივ, სტატუსიც, მდგომარეობაც, განწყობაც, პოტენციალიც, გადაწყვეტილების მიღების მზადყოფნაც კი, აბსოლუტურად, თვისობრივად განსხვავებულ ეტაპზეა.
დასახელებული მედიკამენტებიდან ორთან დაკავშირებით, გარკვეული ნაკლები კითხვები არსებობს, სხვასთან მეტი და ა.შ. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს აუცილებლად საჭიროებს ძალიან დეტალურ ანალიზს და ამის მიხედვით გადაწყვეტილებების მიღებას – ამ თვალსაზრისით იყო საკმაოდ ნაყოფიერი, დატვირთული და მნიშვნელოვანი ეს შეხვედრა.
…ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვართ განწყობილი, რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება ეფექტიანად მოინახოს გადაწყვეტილებები, რომელიც იქნება რეალურად სასარგებლო“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
შეხვედრის დასრულების შემდგომ შეხვედრის შესახებ მედიასთან გააკეთა კომენტარი მშობელმა ზაქრო გვიშიანმა. მისი თქმით, მშობლები „პოზიტიურად არიან განწყობილნი“, ირაკლი კობახიძეს მიაწოდეს მათთვის მნიშვნელოვანი ყველა ინფორმაცია.
მისივე თქმით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი. მაქსიმუმ ზეგ მომდევნო შეხვედრა გაიმართება, სადაც და იმ საკითხებსაც გაივლიან, რომლებზეც დღეს საუბარი ვერ მოხერხდა.
„ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილი, რადგანაც ძალიან საჭირო და შინაარსიანი კითხვები იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან, გავცვალეთ ინფორმაციები, ჩვენ ვხედავთ მზაობას, რომ ბატონი ირაკლი კობახიძე მაქსიმალურად მიიღებს ინფორმაციას და ჩვენ შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფის ფორმატი, ჩვენ მაქსიმუმ ზეგ ისევ შევხვდებით და ცალკეულ საკითხებს გავივლით, რაც დღეს ვერ მოხერხდა“, – განაცხადა გვიშიანმა.