რუბიო: იმედია, შევძლებთ საქართველოს ტრაექტორიის ცვლილების დანახვას

პუბლიკა

„საქართველოს ხელისუფლებას განვუმარტეთ, რა იქნება საჭირო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. მივიღეთ გარკვეული პოზიტიური გამოხმაურებები და იმედია, შევძლებთ ტრაექტორიის ცვლილების დანახვას“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ  კონგრესმენ ჯო უილსონის შეკითხვის საპასუხოდ თქვა.

მარკო რუბიო წარმომადგენელთა პალატის კომიტეტს სახელმწიფო დეპარტამენტის 2027 წლის ბიუჯეტის მოთხოვნას წარუდგენს.

სხდომაზე მას კონგრესმენმა უილსონმა ჰკითხა:

„ირანის მომხრე რეჟიმი და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ მხარდაჭერილი „ქართული ოცნების“ მთავრობა, რომელიც არალეგიტიმურია, საფრთხეს უქმნის ამერიკის წვდომას. საქართველოში გაყალბებული არჩევნები ჩატარდა. ამის გათვალისწინებით, ისინი ხელს უწყობენ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ და თეირანისთვის სანქციების გვერდის ავლას. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს იმ სწრაფად მზარდი რადიკალიზაციის აღსაკვეთად, რომელსაც „ქართული ოცნების“ მთავრობა უწყობს ხელს საქართველოს რესპუბლიკაში?”

ჯო უილსონს სახელმწიფო მდივანმა უპასუხა:

„მართალი ხართ, ყველაფერი, რაც ახლა ჩამოთვალეთ, ჩვენს მანამდე არსებულ შეშფოთებას წარმოადგენს. მას შემდეგ მათ გადადგეს გარკვეული ნაბიჯები, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება.

ჩვენ მათ განვუმარტეთ, თუ რა იქნება ამისთვის საჭირო და რა მოეთხოვებათ. მივიღეთ გარკვეული პოზიტიური გამოხმაურებები და ამიტომ, ჩვენი იმედია, რომ შევძლებთ ტრაექტორიის ცვლილების დანახვას საქართველოს შემთხვევაში იმასთან შედარებით, სადაც ის დღეს იმყოფება.

ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ყველა ის საკითხი, რაც ახლა წარმოადგინეთ, ჩვენთვის მანამდე არსებულ პრობლემებს შეადგენს. მათ გვკითხეს, რა იქნება საჭირო ამერიკის შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობისთვის. ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია, შევძლებთ ამ საფუძველზე დაყრდნობით მუშაობას და შესაძლოა შევცვალოთ ტრაექტორია — არა მხოლოდ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობის, არამედ მათი ქცევისაც“, – განაცხადა რუბიომ.

30 მარტს მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, საუბარი შეეხო ორმხრივი ინტერესის სფეროებს, მათ შორის, კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებას.

კობახიძის თქმით კი რუბიოსთან განიხილეს პარტნიორობის გადატვირთვისა და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს, როგორც ძლიერი პარტნიორის, როლის გაძლიერების მნიშვნელობა.

25-28 მაისს საქართველოში იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია.

შემაჯამებელ განცხადებაში დელეგაციამ აღნიშნა, რომ მდგრადი სტრატეგიული პარტნიორობისთვის საჭირო იქნება უწყვეტი პროგრესი იმ პირობების უზრუნველყოფით, რომელიც საქართველოს სანდო პარტნიორად აქცევს, მათ შორის, ამერიკული ბიზნესისთვის ხელსაყრელი ბიზნესგარემოსა და სტაბილური შიდა პოლიტიკური კლიმატით, რაც ხელს უწყობს ოპოზიციის ჩართულობას.

„დელეგაციამ განიხილა კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია და დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში.

შეერთებული შტატები ელის საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დღეს, 3 ივნისს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ურთიერთობების გადასატვირთად სამართლიან მიდგომებზე დაბრუნებაა საჭირო.

„იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მზად ვართ, ეს დისკუსია განვაგრძოთ. მთავარი, რითაც შეიძლება, გადაიტვირთოს ურთიერთობები, ეს არის სამართლიან მიდგომებზე დაბრუნება.

იცით, რაც კი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, ყველაფერი გაფუჭდა წინა ადმინისტრაციის უსამართლო მიდგომების გამო. რაც იყო გაფუჭებული უსამართლობის საფუძველზე, შეიძლება, გასწორდეს მხოლოდ სამართლიანი მიდგომის დამკვიდრების საფუძველზე.

ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, არჩევნების შედეგებს, ქართველი ხალხის ნებას, ეს უნდა იყოს საერთო დამოკიდებულება, რასაც არ ითვალისწინებდა წინა ამერიკული ადმინისტრაცია. ისინი არც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს სცემდნენ პატივს და არც არჩევნების შედეგს სცეს პატივი, შესაბამისად არათუ არ მოუწოდებდნენ ოპოზიციას, რომ თავი შეეკავებინათ საბოტაჟისგან, პირიქით, თავად იყვნენ საბოტაჟის წამხალისებლები“, – განაცხადა კობახიძემ.