საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნა პუბლიკაცია „პერსონიფიცირებული კანონშემოქმედება საქართველოში, როგორც უფლების არამართლზომიერად შეზღუდვის საშუალება“. დოკუმენტი მიმოიხილავს 2024 წლიდან საქართველოში მიღებულ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს და ამასთან დაკავშირებულ ტენდენციებს.
„დოკუმენტში გაანალიზებული საკანონმდებლო ცვლილებები და კანონშემოქმედების ტენდენციები ცხადყოფს, რომ საქართველოში კანონშემოქმედება დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფით წარიმართება. რეპრესიული, პერსონიფიცირებული კანონშემოქმედება განსხვავებული აზრის დევნისა და ძალაუფლების განმტკიცების პოლიტიკურ იარაღად გამოიყენება, რითაც უხეშად ირღვევა სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპები და ადამიანის ძირითადი უფლებები” – წერია საიას კვლევაში.
როგორც საია განმარტავს, პერსონიფიცირებული კანონშემოქმედება გულისხმობს იმ კანონებს მმართველი ელიტები საკანონმდებლო ორგანოს, საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდაციისა ან პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის იღებენ.
ორგანიზაციის თქმით, პროტესტის ჩახშობისა და პოლიტიკური ოპონენტების უფლებრივი მდგომარეობის გაუარესების მიზნით, 2024 წლიდან პარლამენტმა არაერთი ცვლილება მიიღო, უმრავლესობა დაჩქარებული წესით. ცვლილებები შეეხებოდა შეკრების თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, გაერთიანების თავისუფლებას, მედიის თავისუფლებას, საჯარო მოსამსახურეთა უფლებებსა და სხვ.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, საიას თქმით, კანონშემოქმედება შეეხო საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ სფეროს, მათ შორის, პოლიტიკურ პლურალიზმს, აკადემიურ დამოუკიდებლობას, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებას, საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებლობის გარანტიებს, ლგბტქი ადამიანთა უფლებებს, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებს.
2024 წლის 3 აპრილიდან 2026 წლის 20 თებერვლამდე პერიოდში პარლამენტში დაინიციირდა და დაჩქარებული წესით მიიღეს 304 კანონი.
დოკუმენტი პერსონიფიცირებული კანონმდებლობის ტენდენციების წარმოსაჩენად, 27 საკანონმდებლო აქტს/პაკეტს აანალიზებს.
„2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და ნოემბერ-დეკემბრის მშვიდობიანი აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ სისტემური წამების გამოყენების შემდგომ, რეპრესიული კანონშემოქმედება კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში რამდენიმე ტალღად განხორციელებული ცვლილებების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა საპროტესტო აქტივობებთან დაკავშირებული სანქციები, გაჩნდა ახალი, საპროტესტო გამოხატვასთან დაკავშირებული სამართალდარღვევები. შექმნილი საკანონმდებლო მოწესრიგება შეკრებების ფაქტობრივ კრიმინალიზებას იწვევს.
მნიშვნელოვნად გაუარესდა გამოხატვის თავისუფლების მომწესრიგებელი კანონმდებლობა: შეიზღუდა მაუწყებლების მიერ უცხოური დაფინანსების მიღების შესაძლებლობა, გაჩნდა ბუნდოვანი ვალდებულებები მაუწყებლების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად აიკრძალა სასამართლოში ფოტო-ვიდეო გადაღება და აუდიო ჩაწერა. შემოღებულ იქნა თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა შეურაცხყოფის ამკრძალავი ნორმა რომელიც თვითნებური გამოყენების და მსუსხავი ეფექტის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.
საქართველოში კანონშემოქმედება დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფით წარიმართება. რეპრესიული, პერსონიფიცირებული კანონშემოქმედება განსხვავებული აზრის დევნისა და ძალაუფლების განმტკიცების პოლიტიკურ იარაღად გამოიყენება, რითაც უხეშად ირღვევა სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპები და ადამიანის ძირითადი უფლებები” – წერია საიას კვლევაში.
საიას შეფასებით,აღნიშნული ტენდენცია 2026 წელსაც აქტიურად გრძელდება. 2026 წლის მარტში მიღებულმა მოცულობითმა ცვლილებებმა კიდევ უფრო გაამკაცრა სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივობისთვის დაწესებული შეზღუდვები.