ტრამპი აშშ-ში ყველა ტიპის იმიგრაციის დროებით შეჩერებას გეგმავს

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში ყველა ტიპის იმიგრაციის დროებით შეჩერებას გეგმავს. ამის შესახებ ტრამპმა „ტვიტერზე“ დაწერა.
„უხილავი მტრის შემოტევის, ასევე, დიადი ამერიკელების სამუშაო ადგილების დაცვის საჭიროების ფონზე, ხელს მოვაწერ აღმასრულებელ ბრძანებას იმიგრაციის დროებით შესაწყვეტად შეერთებულ შტატებში“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

ტრამპი არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რა მექანიზმს გამოიყენებს იმიგრაციის პროცესის შესაჩერებლად. CNN აღნიშნავს, რომ აშშ-ში კორონავირუსის გამო იმიგრაციის პროცესი შტატებში ისედაც მკვეთრად შეზღუდულია.

აშშ-ში კორონავირუსის 792 938 დადასტურებული შემთხვევაა. გარდაიცვალა 42 518, ხოლო გამოჯანმრთელდა 72 389 ადამიანი.