​CNN-ის წყაროების ცნობით, ისრაელმა ირანთან ომის დროს აზერბაიჯანში ჯარები განალაგა

პუბლიკა

ავტორი: ქსანდი (ალექსანდრა) კუნინგი

„2026 წლის დასაწყისში აშშ-ისა და ისრაელის მხრიდან ირანზე თავდასხმის დროს, ისრაელმა აზერბაიჯანში, სავარაუდოდ, განალაგა „ელიტარული სამხედრო და სადაზვერვო ქვედანაყოფები“, როგორც „ახლო აღმოსავლეთში ფარული ქსელის ნაწილი ირანის წინააღმდეგ ოპერაციების ხელშესაწყობად“, – ეს ინფორმაცია CNN-მა დღეს, 5 ივნისს, ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. 

CNN-ს ორმა წყარომ უთხრა, რომ ისრაელის ძალები მოქმედებდნენ სამხრეთ აზერბაიჯანის რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის ერთ-ერთი პუნქტი სულ რაღაც 100 კილომეტრითაა დაშორებული ირანის ქალაქ თებრიზს – ამ ქალაქზე ისრაელმა კონფლიქტის დროს იერიში მიიტანა.

„ადგილზე ასევე განალაგეს სპეციალური დანიშნულების კომანდოს დანაყოფები, რომლებიც სადაზვერვო მისიებსა და დრონებით ოპერაციებს ატარებდნენ. ორი სხვა წყაროს განცხადებით, ამან ისრაელს ომის პერიოდში ჩრდილოეთ ირანზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვანი ოპერატიული უპირატესობა მისცა“, – წერს CNN.

წყაროების ცნობით, აზერბაიჯანში განლაგებული ძალები მხოლოდ ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე სამხედრო პოზიციიდან, რომლებსაც ისრაელი რეგიონში ინარჩუნებდა. სამხედრო პოზიციები ისრაელს ასევე ჰქონდა ერაყში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და სომალილენდში, რათა უკეთ წარემართა თავისი ოპერაციები ირანში.

CNN კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს:

„აზერბაიჯანში განთავსებული ჯარები სხვადასხვა ქვეყანაში განლაგებული მრავალი ფარული სამხედრო ბაზისა და პოზიციის ნაწილს წარმოადგენდა.

თავდაპირველად ეს ძალები განიხილებოდა, როგორც პოტენციური სამაშველო ჯგუფები საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში. თუმცა მოგვიანებით მათი როლი გაფართოვდა და სამხედრო-სადაზვერვო პოზიციებად ჩამოყალიბდა“.

ერთ-ერთმა წყარომ CNN-ს დამატებით განუცხადა, რომ აზერბაიჯანში მიმდინარე ოპერაციაში „რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა, მათ შორის ისრაელის სპეციალური ოპერაციების ძალების წევრები, ელიტური საჰაერო-სადესანტო საბრძოლო და სამაშველო დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე მოსადის თანამშრომლები“.

CNN-მა კომენტარისთვის აშშ-ში აზერბაიჯანის საელჩოს მიმართა. პასუხად საელჩომ ცნობები უარყო და განაცხადა, რომ ინფორმაცია, „თითქოს აზერბაიჯანის ტერიტორია მესამე ქვეყნების წინააღმდეგ ოპერაციების ჩასატარებლად გამოიყენებოდა, დაუსაბუთებელი მტკიცებებია“.

მჭიდრო კავშირების ისტორია

აზერბაიჯანსა და ისრაელს ათწლეულების განმავლობაში მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებთ, რაც უმთავრესად ორმხრივად სასარგებლო ინტერესებს ეფუძნება.

კერძოდ, ისრაელი დიდი ხანია ახორციელებს თავისი ნავთობის მნიშვნელოვანი წილის იმპორტს აზერბაიჯანიდან. ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდა 2006 წელს, მას შემდეგ, რაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი ამოქმედდა.

2023 წლისთვის აზერბაიჯანი ისრაელში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი იყო – წლიურმა ექსპორტმა დაახლოებით 1.4 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ორჯერ მეტია შემდეგ უმსხვილეს ექსპორტიორ გაბონზე ($680 მილიონი).

მთლიანობაში, აზერბაიჯანი უზრუნველყოფს ისრაელის ნავთობის დაახლოებით 65%-ს, რაც მას შეუცვლელ ენერგეტიკულ პარტნიორად აქცევს.

დაახლოებით ამავე პერიოდში გაიზარდა ისრაელის იარაღის ექსპორტიც აზერბაიჯანში. სტოკჰოლმის მშვიდობის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის (SIPRI) მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა 2016-2020 წლებში აზერბაიჯანში იმპორტირებული მთელი იარაღის 69%-ს მიაღწია – ეს მთიანი ყარაბაღის მეორე ომის წინ მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია კვლავ რჩებოდა აზერბაიჯანის უმსხვილეს იარაღის მიმწოდებლად, ფართოდ გავრცელებული შეფასებით, სწორედ უფრო თანამედროვე ისრაელურმა შეიარაღებამ მიანიჭა ბაქოს უპირატესობა როგორც 2020 წლის მეორე ყარაბაღის ომში, ისე 2023 წლის ელვისებურ სამხედრო ოპერაციაში, რომელიც მთიანი ყარაბაღის კაპიტულაციითა და რეგიონიდან ეთნიკური სომეხი მოსახლეობის პრაქტიკულად სრული გასვლით დასრულდა.

იმ პერიოდში სომხეთის სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების არსენალი თითქმის მთლიანად რუსულ სისტემებზე იყო დამოკიდებული, მაშინ როდესაც აზერბაიჯანი უფრო თანამედროვე შეიარაღებას ძირითადად ისრაელისა და თურქეთისგან იღებდა. განსაკუთრებით გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნევა დრონების გამოყენება, რომლებმაც, ექსპერტების შეფასებით, 2020 წლის ომში აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი და, შესაძლოა, გადამწყვეტი უპირატესობა მიანიჭა.

ამ კავშირების შედეგად გაჩნდა გარკვეული ვარაუდები იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანი დაეხმარებოდა ისრაელს ირანის წინააღმდეგ. მართლაც,  ​ირან-ისრაელის 2025 წლის ხანმოკლე ომის დროს არსებობდა ვარაუდი (რაც ბაქომ უარყო), რომ აზერბაიჯანის ტერიტორია ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად გამოიყენა.

2026 წლის იანვარში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა თავის ირანელ კოლეგას, სეიდ აბას არაღჩის კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორია „არასოდეს“ იქნება გამოყენებული „სახელმწიფოს“ მიერ ირანზე თავდასხმების დასაწყებად.

„აზერბაიჯანის საჰაერო სივრცე ან ტერიტორია არასოდეს იქნება დაშვებული გამოსაყენებლად რომელიმე სახელმწიფოს მიერ მეზობელი ირანის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად“, – ხაზგასმით განაცხადა ბაირამოვმა.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.