ალბანეთის დედაქალაქში უკვე მეშვიდე დღეა, მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ისინი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან დაკავშირებული კომპანიის გეგმას აპროტესტებენ, რომელიც ეკოლოგიურად მგრძნობიარე ზონაში ფეშენებელური კურორტის მშენებლობას ითვალისწინებს.
კუშნერის საინვესტიციო ფირმა Affinity Partners ალბანეთის სამხრეთით ხელუხლებელ სანაპირო ზოლზე €1.4 მილიარდის ($1.6 მილიარდი) ღირებულების პროექტს ახორციელებს. ტერიტორია ვიოსა-ნარტას დაცული ზონის მახლობლად მდებარეობს, რომელიც ფლამინგოების, სელაპებისა და ზღვის კუების უნიკალური ბუდობის ადგილია.
გარემოსდამცველები მიიჩნევენ, რომ პროექტი ასეულობით ჰექტარ ხელუხლებელ პლაჟს გაანადგურებს. ორნიტოლოგ ლედი სელგიეკაის განცხადებით, ამ რეგიონში ფლამინგოების მსოფლიო პოპულაციის 1%-ზე მეტი ბინადრობს:
„ინვესტიციები ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა სამშენებლო ადგილი გონივრულად უნდა შეირჩეს. არსებობს კონკრეტული მიზეზი, რის გამოც ამ ტერიტორიას „დაცული“ ჰქვია“, – განაცხადა მან.
გასულ კვირას ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის გამოჩენამ ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია, რაც მოგვიანებით ტირანაში ფართომასშტაბიან დემონსტრაციებში გადაიზარდა.
მომიტინგეებმა პრემიერ-მინისტრ ედი რამას ოფისთან აქცია ვარდისფერი გასაბერი ფლამინგოებით გამართეს, სკანდირებდნენ „რევოლუციას“ და პრემიერის გადადგომას მოითხოვდნენ.
„ალბანეთი არ იყიდება. ის ალბანელ ხალხს ეკუთვნის. დაუშვებელია, კორუმპირებულმა პოლიტიკოსებმა ჩვენი ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობა ერთპიროვნულად განკარგონ“, — განაცხადა აქციის მონაწილე მწერალმა ლინდიტა კომანიმ.
ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა პროექტს მხარს უჭერს, ხოლო დეველოპერები აცხადებენ, რომ მათი მიზანი „პასუხისმგებლიანი მართვა და გარემოს გაუმჯობესებაა“.
ქვეყნის ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრის, დელინა იბრაჰიმაის განმარტებით, ამჟამად გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტაცია მუშავდება. მისი თქმით, ევროპული დირექტივები და ადგილობრივი კანონმდებლობა იურიდიულად უზრუნველყოფს ლაგუნის დაცვას.
პროექტის გარშემო არსებულ კორუფციულ რისკებსა და მიწების მფლობელობის საეჭვო ცვლილებებს ალბანეთის ანტიკორუფციული პროკურატურაც (SPAK) იძიებს.
კუშნერმა კურორტის მშენებლობის შესახებ 2024 წელს განაცხადა, როგორც უფრო ფართო საინვესტიციო პროგრამის ნაწილი, რომელიც ასევე მოიცავდა ყოფილი სამხედრო შტაბის შენობას სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, თუმცა გასულ წელს, საპროტესტო აქციების შემდეგ, მან სერბეთის პროექტზე უარი თქვა.
ამავდროულად, ევროკავშირი ალბანეთს აფრთხილებს, რომ კუშნერის საინვესტიციო პროექტმა შესაძლოა, ქვეყნის ევროინტეგრაციას საფრთხე შეუქმნას.

ბრიუსელის განცხადებით, „შექმნილი სიტუაციის არასწორი მართვა ტირანას ძვირად დაუჯდება“.
კერძოდ, POLITICO-ს ცნობით, ევროკომისიის განმარტებით, აღნიშნული პროექტი პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის გარემოსდაცვით სტანდარტებს. ეს საფრთხეს უქმნის გაწევრებაზე მოლაპარაკებების უმნიშვნელოვანესი, 27-ე თავის (გარემო და კლიმატის ცვლილება) წარმატებით დახურვას.
ბრიუსელი ალბანეთის ხელისუფლებისგან ორ კონკრეტულ ნაბიჯს მოითხოვს:
- გაუქმდეს 2024 წელს შეტანილი სადავო ცვლილებები „დაცული ტერიტორიების შესახებ“ კანონში, რომლებმაც გზა გაუხსნა მშენებლობებს სენსიტიურ ზონებში.
- შეჩერდეს 2015 წლის კანონი „სტრატეგიული ინვესტიციების შესახებ“, რომელიც პრივილეგირებულ პროექტებს დაჩქარებულ პროცედურებს სთავაზობს და გარემოსდაცვითი მექანიზმების გვერდის ავლის რისკს შეიცავს.
„ალბანეთმა თავი უნდა შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს საბოლოო კრიტერიუმების შესრულებას. ჩვენ ველით, რომ ალბანეთის ხელისუფლება დაუყოვნებლივ იმოქმედებს“, – განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა.
პარალელურად, პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ POLITICO-სთან საუბრისას თქვა, რომ ევროკავშირის ლიდერები ამ პროცესებით დიდად არ ინტერესდებიან და დაამატა: „ჯარედი რომ არ იყოს, ამ პროექტს ფეხებზე დაიკიდებდნენ“.