Freedom House-ის პოლიტიკისა და ადვოკატირების დირექტორი, კეტი ლაროქი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობა არ უნდა გადატვირთოს მანამ, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გაათავისუფლებს პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ ადამიანებს.
11 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში ლაროქი წერს, ბოლო თვეებში საქართველოს ხელისუფლება აქტიურად ცდილობს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გაუმჯობესებას.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საუბრობენ განახლებულ დიპლომატიურ კონტაქტებსა და ეკონომიკურ პროექტებზე, მათ შორის თბილისში „ტრამპ თაუერის“ შესაძლო მშენებლობაზე, როგორც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დათბობის ნიშნებზე.
თუმცა, Freedom House-ის პოლიტიკისა და ადვოკატირების დირექტორი აღნიშნავს, რომ ამავე პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ გააღრმავა თანამშრომლობა ჩინეთთან, გააძლიერა კავშირები ირანთან და კრიტიკის ობიექტი გახდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესაძლო გვერდის ავლის საკითხებთან დაკავშირებით.
ლაროქი წერს, რომ ქვეყნის შიგნით ხელისუფლებამ გაამკაცრა ზეწოლა განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებზე, მიიღო რეპრესიული კანონები და ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებით უგულებელყო მოსახლეობის ევროპული ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა.
ლაროქი ხაზს უსვამს, რომ აშშ-ის სტრატეგიული ინტერესია საქართველოს დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ სივრცეში შენარჩუნება, თუმცა ეს, მისი თქმით, არ ნიშნავს „ქართული ოცნების“ პირობებით ურთიერთობების აღდგენას.
მისივე შეფასებით, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება უნდა გახდეს პირველი ტესტი იმის დასადგენად, მზად არის თუ არა საქართველოს ხელისუფლება ვაშინგტონთან ურთიერთობების რეალური გაუმჯობესებისთვის.
ლაროქი სტატიაში განსაკუთრებული ყურადღებას უთმობს იმ პირების საქმეებს, რომლებსაც Freedom House პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევს. მათ შორის ის ასახელებსმზია ამაღლობელს, ზვიად ცეცხლაძეს, ანდრო ჭიჭინაძეს, ასევე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს: გიორგი ვაშაძეს, ზურაბ ჯაფარიძეს, ნიკა მელიას და ელენე ხოშტარიას.
ლაროქის განცხადებით, საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის სასამართლო და პროკურატურა, სულ უფრო ხშირად გამოიყენება კრიტიკული ხმების ჩასახშობად. ის ეყრდნობა უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებს, რომლის თანახმადაც, ამჟამად 113 ადამიანი ფიგურირებს საქმეებში, რომლებიც ფართოდ მიიჩნევა პოლიტიკურად მოტივირებულად.
Freedom House-ის წარმომადგენლის შეფასებით, ტრამპის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია მკაფიო საფუძველს იძლევა იმისთვის, რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვის ერთ-ერთ მთავარ პირობად იქცეს.
„პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება უნდა განიხილებოდეს როგორც მინიმალური და არა საბოლოო ნიშნული,“ – ამბობს ლაროქი.
მისი თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლებას სურს აშშ-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, ვაშინგტონმა უნდა მოითხოვოს კონკრეტული ნაბიჯები დემოკრატიული უკუსვლის შესაჩერებლად, მათ შორის პოლიტიკური პლურალიზმის აღდგენა, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დაცვა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა.
კეტი ლაროქი ასევე აცხადებს, რომ სანამ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს რეპრესიებს, დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებასა და აშშ-ის მოწინააღმდეგე ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებას, შეერთებულმა შტატებმა და მისმა პარტნიორებმა უნდა შეინარჩუნონ სანქციები, სავიზო შეზღუდვები და სხვა მიზნობრივი ზომები იმ პირების მიმართ, რომლებიც, მისი თქმით, დემოკრატიულ უკუსვლასა და პოლიტიკურად მოტივირებულ რეპრესიებში მონაწილეობენ.
მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ უჭერს მხარს დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და აშშ-ის პოლიტიკამ სწორედ ამ მისწრაფებებს უნდა დაუჭიროს მხარი.