დევნილი ბლოგერის მკვლელობის მცდელობისთვის აზერბაიჯანის 9 მოქალაქე საფრანგეთში დამნაშავედ ცნეს

პუბლიკა

ავტორი: აითან ფარჰადოვა

ქალაქ რენის ფრანგულმა სასამართლომ აზერბაიჯანის ცხრა მოქალაქე დამნაშავედ ცნო დევნილი ბლოგერის, მაჰამად მირზალის მკვლელობის მცდელობის საქმეში. 

საქმის მთავარ ბრალდებულ ემინ გასიმოვს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და საფრანგეთში შესვლა სამუდამოდ აეკრძალა. დანარჩენ რვას შედარებით მსუბუქი სასჯელი — 5-დან 15 წლამდე პატიმრობა გამოუტანეს.

მირზალის თავს 2021 მარტში ქალაქ ნანტში დაესხნენ. თუმცა, სასამართლო განხილვა მხოლოდ 26 მაისს დაიწყო.

თავდასხმისას გასიმოვთან ერთად იმყოფებოდა აზერბაიჯანის კიდევ ორი მოქალაქე: როვშან გოჯაევი და მეჰრაჯ ზარბალიევი, რომლებსაც 25 წლით და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. გოჯაევს განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, ის ინტერპოლით იძებნება.

კიდევ ორ პირს, ემინ ზამანზადასა და რზა მალიკოვს 15 და 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ მას შემდეგ, რაც სხვების დახმარების ბრალდება დაუმტკიცდათ.

ყველა მათგანს სამუდამოდ აეკრძალა საფრანგეთში შესვლა.

დარჩენილ სამ ბრალდებულს 5 წლით ან ნაკლები ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

გამართლდა მხოლოდ ერთი ბრალდებული – ფაიგ ფაშაზადა, მას შემდეგ, რაც გამოძიებამ საქმეში მისი მონაწილეობის მტკიცებულებები ვერ მოიპოვა.

მირზალიმ OC Media-ს განუცხადა, რომ 2021 წლის 20–21 მარტს ფაშაზადამ უნგრეთში გასიმოვს, გოჯაევსა და ზარბალიევს უმასპინძლა. ამის შემდეგ ფაშაზადა მათ, სავარაუდოდ, ყალბი პასპორტების დამზადებაში დაეხმარა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ფაშაზადას წინააღმდეგ უნგრეთში სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, რის შემდეგაც მას ყაჩაღობისთვის 6.5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

მირზალიმ OC Media-ს უთხრა, რომ 10 ივნისს, გადაწყვეტილების გამოცხადებისას, ემინ გასიმოვი მას სასამართლო დარბაზშიც დაემუქრა და ყვიროდა: „საფრანგეთში სამართალი არ არსებობს“, რის შემდეგაც თქვა, რომ „ფრანგულ მართლმსაჯულებას აფურთხებს“ და რომ „ციხეში დიდხანს არ დარჩება“.

მირზალი ასევე ირწმუნება, რომ როვშან გოჯაევი, რომელიც 2024 წელს თურქეთში აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, აზერბაიჯანშია.

„ის ციხეში არ ჩაუსვამთ და მის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს“, – ამბობს მირზალი.

კითხვაზე, შეძლეს თუ არა მასზე თავდასხმაში ხელისუფლების მონაწილეობის დადგენა, მან ხაზგასმით თქვა, რომ საგამოძიებო ჯგუფმა, სასამართლოს განჩინებით, გასიმოვის საკანში ფარული ჩამწერი მოწყობილობა დაამონტაჟა. საკანში ის ბიძას ესაუბრა და მას სთხოვა, დახმარება შინაგან საქმეთა მინისტრ ვილაიათ ეივაზოვისთვის ეთხოვა.

„გასიმოვმა ბიძას ტელეფონით უთხრა, რომ ეივაზოვმა იცოდა, თუ რატომ დააკავეს. მან თქვა, რომ ციხეში იმყოფებოდა „ზემდგომი ადამიანების“ გამო, რადგან მაღალი თანამდებობის პირები შეურაცხყო“.

შემდეგ გასიმოვის ბიძამ ურჩია, ჩვენებაში არ ეხსენებინა სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR და ანარ ალიზადეს სახელი. ალიზადე აზერბაიჯანელი ბიზნესმენია – Socar Trading-ის დამფუძნებელი და ყოფილი პრეზიდენტი. ის SOCAR-ის ყოფილი პრეზიდენტის, როვნაგ აბდულაევის ახლო ნათესავია.

მირზალიმ YouTube-ზე არხი Made in Azerbaijan 2015 წელს შექმნა, ხოლო 2016 წლიდან საფრანგეთში პოლიტიკური ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობს.

ის ცნობილია პრეზიდენტ ილჰამ ალიევის, მისი ოჯახისა და სხვა მაღალჩინოსნების მკაცრი კრიტიკითა და უცენზურო გამონათქვამებით.

მირზალიმ OC Media-ს უთხრა, რომ ხელისუფლების კრიტიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2021 წელს მისი დის ინტიმური ვიდეოთი დააშანტაჟეს.

„რა უნდა მეთქვა მას შემდეგ, რაც ჩემი დის მეშვეობით მაშანტაჟებდნენ? უნდა მეთქვა: „დიდი მადლობა, ღმერთმა დაგლოცოთ, ილჰამ ალიევ, ძალიან ლამაზი ვიდეო გადაიღეთ ჩემს დაზე?“ რა თქმა უნდა, ილჰამ ალიევს შევაგინებდი და მათ ეს იცოდნენ“, – თქვა მან.

მირზალის განცხადებით, სასამართლო პროცესების დროს გასიმოვი და მისი ადვოკატები ცდილობდნენ, საქმეში აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენელთა სახელები არ გამოჩენილიყო.

„გასიმოვი ამტკიცებდა, რომ მე დედამისს მივაყენე შეურაცხყოფა, რაზეც მოსამართლემ ჰკითხა, მის რომელ დედას შევაგინე: ბიოლოგიურს თუ არაოფიციალურს?“

შემდეგ გასიმოვმა განაცხადა, რომ მირზალიმ შეურაცხყო „ეროვნული ფასეულობები, ეროვნული მენტალიტეტი და სახელმწიფოებრიობა“.

სასამართლო პროცესის განმავლობაში მოსამართლემ აღნიშნა, რომ თავდასხმა მირზალის, როგორც ბლოგერისა და ჟურნალისტის, მიერ გამოხატვის თავისუფლების გამოყენებას უკავშირდებოდა.

„ეს მოხდა იმიტომ, რომ ის აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან საბრძოლველად მისთვის ცნობილ მეთოდებს იყენებდა. მათ სურდათ, მირზალი დღისით, ქალაქის ცენტრში, საჯაროდ მოეკვეთათ თავი, რათა ეს გზავნილი გამხდარიყო მთელი ევროპის მასშტაბით მცხოვრები დისიდენტებისთვის“, – განაცხადა მოსამართლემ.

მირზალიმ OC Media-ს უთხრა, რომ განაჩენის შემდეგ გარკვეული შვება იგრძნო, რადგან ხალხმა ნახა, რომ მკვლელობის მცდელობისთვის ადამიანებს შეიძლება 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოთ.

„თუმცა, 2021 წლის 14 მარტს მე თითქმის მოვკვდი. ჩვეულებრივი ადამიანივით არ ვცხოვრობ. 2021 წლის მაისიდან 24-საათიანი პოლიციური დაცვა მყავს და ვერავის ვენდობი. ნახევარი ცხოვრებით ვცხოვრობ“, – ამბობს ბლოგერი.

აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებს მირზალის ბრალდებებზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.