Amnesty International-მა გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს შესახებ, სახელწოდებით: „საქართველო – რეპრესიების ანატომია: პროტესტის, დარბევისა და მედეგობის 500 დღე“.
ანგარიშში ორგანიზაცია მიუთითებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მოკლე პერიოდში შექმნა რეპრესიების დახვეწილი არქიტექტურა.
„ის, რის განვითარებასაც სხვაგან მრავალი წელი დასჭირდა, საქართველოში გასაოცარი სიჩქარით აშენდა: კოორდინირებული სისტემა, რომელშიც დეზინფორმაცია, შეზღუდვები, ძალადობრივი საპოლიციო საქმიანობა და იარაღად ქცეული სასამართლო პროცესები ერთმანეთს აძლიერებს ძალაუფლების განმტკიცების მიზნით“, – წერს ორგანიზაცია.
Amnesty ხაზს უსვამს, რომ „ცილისმწამებლური კამპანიები კრიტიკოსებს მტრებად წარმოაჩენს. კანონები განსხვავებულ აზრს სამართალდარღვევად აქცევს. პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება პროტესტს ფიზიკურად სახიფათოს ხდის. შემდეგ კი სასამართლოები ამწვავებენ უსამართლობის ამ სპირალს დაუსჯელობის წახალისებითა და მთავრობის რეპრესიების ბრმად დამტკიცებით“.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებით 2024 წლის გაზაფხულიდან და 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ დაწყებული მასობრივი საპროტესტო გამოსვლების პერიოდში ხელისუფლებამ სახელმწიფო ინსტიტუტები განსხვავებული აზრის ჩასახშობად გამოიყენა. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ათასობით ადამიანი დააკავეს, ასობით მოქალაქე ფიზიკური ძალადობის, დამამცირებელი მოპყრობისა და, რიგ შემთხვევებში, წამების მსხვერპლი გახდა.
ანგარიშში ვკითხულობთ:
„ადამიანური ფასი მძიმე აღმოჩნდა. ათასობით ადამიანი დააკავეს, ასობით ადამიანი სცემეს ქუჩებში, დაამცირეს დაკავების ადგილებში და დაუქვემდებარეს წამებას ან სხვაგვარ სასტიკ მოპყრობას. 150-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს პოლიტიკურად მოტივირებული და უსამართლო პროცესების შედეგად, სადაც მართლმსაჯულების პოვნის მცირე პერსპექტივაც კი არ არსებობს. ბევრი ადამიანი, ვინც მშვიდობიან პროტესტს შეუერთდა, დაექვემდებარა თვითნებურ დაკავებასა და ფინანსურ ზიანს კოლოსალური ჯარიმების სახით უბრალოდ გზაზე ან თუნდაც ტროტუარზე დგომის, ნიღბის ტარების, თანამდებობის პირის კრიტიკის ან საჯარო სივრცის დატოვებაზე უარის თქმის გამო. სხვები გააჩუმეს ან აიძულეს ეცხოვრათ დაკავების, სისხლისსამართლებრივი დევნისა თუ შურისძიების მუდმივი შიშით.
სამოქალაქო სივრცე მკაცრად შეიზღუდა. უფლებადამცველები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებიც ძალადობის მსხვერპლებს იცავენ, თავად გახდნენ სამიზნეები. მათ ემუქრებოდნენ, თავს ესხმოდნენ, მათ მიმართ აწარმოებდნენ გამოძიებას, გაუყინეს ანგარიშები, რის გამოც დაიხურა მათი ოფისები და შემცირდა პერსონალი. დამოუკიდებელი ჟურნალისტები გახდნენ ფიზიკური თავდასხმის, დევნისა და შევიწროების სამიზნეები, მათ მიმართ დაიწყო სამართლებრივი დევნა, შეწყდა დაფინანსება და გადაიყვანეს „გადარჩენის რეჟიმში“.
2024 წლის გაზაფხულიდან და განსაკუთრებით 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული ყოველდღიური მასობრივი პროტესტის შემდეგ ხელისუფლებამ გამოიყენა სახელმწიფო აპარატის მთელი მანქანა განსხვავებული აზრის შესაკავებლად, დასასჯელად და ჩასახშობად. საინფორმაციო სივრცე იარაღად იქცა, რათა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, დამოუკიდებელი მედია, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მომიტინგეები გამოეცხადებინათ „უცხოურ აგენტებად“, „ექსტრემისტებად“ ან „საფრთხედ ეროვნული უსაფრთხოებისთვის“. ეს ნარატივები მხოლოდ რიტორიკად არ დარჩენილა. მათ ხშირად მოჰყვებოდა შევიწროება, ფიზიკური თავდასხმები, გამოძიებები, სისხლისსამართლებრივი დევნა, აქტივების გაყინვა და სხვა სადამსჯელო ღონისძიებები.
ამ ტრანსფორმაციაში ცენტრალური როლი საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა ითამაშეს. ერთმანეთის მიყოლებით მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, რომლებიც ფორსირებულად და ყოველგვარი შინაარსობრივი კონსულტაციების გარეშე იქნა მიღებული, არაპროპორციულად შეზღუდა გაერთიანების, გამოხატვის (მათ შორის მედიის თავისუფლების) და მშვიდობიანი შეკრების უფლებები.
ღონისძიებებმა, რომლებიც შეფუთული იყო, როგორც „გამჭვირვალობის“, „სუვერენიტეტის“, „საზოგადოებრივი წესრიგის“ ან „ოჯახური ფასეულობების“ დაცვა, პრაქტიკაში დააწესა სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა და კონტროლი, გააფართოვა პოლიციის უფლებამოსილებები, შემოიღო მძიმე ჯარიმები, ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რითაც ახრჩობს საქართველოს ოდესღაც აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას.
პოლიციას მიეცა ახალი სამართლებრივი არქიტექტურა იძულების ძალის გასაზრდელად. სამართალდამცავებმა არაერთხელ გამოიყენეს უკანონო და სადამსჯელო ძალა დიდწილად მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, მათ შორის ცემა და თვითნებური დაკავებები. ნაკლებად ლეტალური იარაღის ბოროტად გამოყენებამ დააზარალა ათასობით მომიტინგე და მრავალი მათგანი დააშავა. ასობით დაკავებული მომიტინგე დაექვემდებარა წამებასა და სხვა სასტიკ მოპყრობას.
ამ დარღვევების კოორდინირებული ხასიათი მიუთითებს სახელმწიფოს მიერ ნებადართულ სადამსჯელო პრაქტიკაზე. დაუსჯელობა ამ მოდელის ცენტრალური ელემენტი გახდა. პოლიციის მხრიდან ძალადობის მრავალი მტკიცებულების მიუხედავად, ეფექტიანი გამოძიება იშვიათობას წარმოადგენდა. ძალადობრივ დარბევებში მონაწილე მაღალჩინოსნებმა თავი აარიდეს პასუხისმგებლობას, ხოლო ისედაც შეზღუდული ზედამხედველობის მექანიზმების გაუქმებამ კიდევ უფრო შეასუსტა მართლმსაჯულების პერსპექტივა.
სასამართლო ხელისუფლებამ გააძლიერა უსამართლობის ეს ციკლი აქტივისტებისა და მომიტინგეების წინააღმდეგ. საქართველოს სასამართლოებმა ეფექტურად აღასრულეს და ლეგიტიმაცია მიანიჭეს მშვიდობიანი პროტესტის კრიმინალიზაციას. ათასობით ადამიანს დაეკისრა მკაცრი სასჯელი, მათ შორის დიდი ჯარიმები და პატიმრობა, ხოლო 150-ზე მეტი მომიტინგე, აქტივისტი და მთავრობის კრიტიკოსი დააპატიმრეს იმ პროცესების შედეგად, რომლებსაც ახასიათებდა სამართლიანი სასამართლოს პრინციპების უხეში დარღვევა. სასამართლოები, რომლებიც სულ უფრო მეტად იზოლირდებიან ყოველგვარი შინაარსიანი საზოგადოებრივი კონტროლისგან, გადაიქცნენ უსამართლობის ბრმად დამტკიცების ინსტრუმენტებად: ისინი სჯიან განსხვავებულ აზრს, ფინანსურად ფიტავენ მომიტინგეებს და რეპრესიებს კანონიერების იერსახეს აძლევენ.
ეს არ არის იზოლირებული დარღვევების ჯაჭვი – არამედ არის ავტორიტარული პრაქტიკის სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს ძალაუფლების განმტკიცებას, სადაც სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმალური იერსახე შენარჩუნებულია, მაგრამ მისი არსი გამოფიტულია.
ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ავტორიტარული პრაქტიკის გამოყენება და შეცვალოს ეს კურსი: შეწყვიტოს კანონებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენება კრიტიკოსების წინააღმდეგ, უზრუნველყოს მართლმსაჯულება უსამართლო პროცესების შედეგად დაპატიმრებულთათვის, გარანტირებული გახადოს პასუხისმგებლობა წამებასა და სხვა დარღვევებზე და სრული რეაბილიტაცია და კომპენსაცია გაუწიოს ყველა დაზარალებულს“.
რეკომენდაციები
Amnesty International წარმოადგენს მთელ რიგ რეკომენდაციებს ევროკავშირის, ევროპის საბჭოსა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ გააძლიერონ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე და მხარდაჭერა გამოუცხადონ დამოუკიდებელ მედიას, უფლებადამცველებსა და სამოქალაქო საზოგადოებას.
Amnesty მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის აღსადგენად აუცილებელია რეპრესიული პრაქტიკისა და საკანონმდებლო ცვლილებების გადახედვა.
ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს დამოუკიდებელი მედიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების წინააღმდეგ მიმართული ცილისმწამებლური და დისკრედიტაციის კამპანიები. ანგარიშის ავტორების შეფასებით, მსგავსი კამპანიები ხშირად წინ უძღვის ზეწოლას, სამართლებრივ დევნასა და ფიზიკურ თავდასხმებს.
ერთ-ერთი რეკომენდაციაა, ხელისუფლებან განბლოკოს ყველა იმ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები, რომლებიც მიზანში ამოიღეს ხელისუფლების კრიტიკის ან საერთაშორისო დაფინანსების მიღების გამო, და მოხსნას მათ წინააღმდეგ წაყენებული ყველა შესაბამისი ბრალდება.
Amnesty International ასევე მოითხოვს ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ და სხვა იმ საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას, რომლებიც, ორგანიზაციის შეფასებით, სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობასა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ უნდა გაუქმდეს ის ნორმებიც, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილე მოქალაქეებისთვის მკაცრ ადმინისტრაციულ და ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებს.
გადახედოს 2024-2026 წლების პროტესტის დროს ჩადენილი სავარაუდო სამართალდარღვევებისთვის ადმინისტრაციული წესით შეფარდებულ ყველა სახდელს და უზრუნველყოს, რომ არცერთი ადმინისტრაციული სახდელი არ იქნას გამოყენებული მხოლოდ მშვიდობიანი შეკრების უფლების განხორციელებისთვის; ნებისმიერმა პირმა, რომელიც უსამართლოდ და/ან სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევით დაჯარიმდა, მიიღოს სრული და ადეკვატური კომპენსაცია, ხოლო საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართლის შემდგომი გამოყენება და ადმინისტრაციული წარმოება, მათ შორის სახის ამომცნობი ტექნოლოგიების მტკიცებულებად გამოყენება, სრულად შეესაბამებოდეს სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს და დაექვემდებაროს რეალურ სასამართლო კონტროლს.
რეკომენდაციების ცალკე თავი ეთმობა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობას – Amnesty ხელისუფლებას მოუწოდებს, ჩაატაროს დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიება საპროტესტო აქციების დროს ძალის გადამეტების, უკანონო დაკავებების, წამებისა და არასათანადო მოპყრობის ყველა ფაქტზე. Amnesty International ასევე მოითხოვს, პასუხისგებაში მიეცნენ როგორც უშუალო შემსრულებლები, ისე ის მაღალჩინოსნები, რომლებიც მსგავს ქმედებებს ხელმძღვანელობდნენ ან ხელს უწყობდნენ.
Amnesty მოითხოვს, დაუყოვნებლივ აკრძალოს ნებისმიერი სახის ქიმიური გამაღიზიანებელი ნივთიერების შერევა წყლის ჭავლის რეზერვუარებში. დააწესოს მორატორიუმი სამოქალაქო დემონსტრაციებზე წყლის ჭავლის გამოყენებაზე 2024 და 2025 წლების პროტესტის დროს მისი ყველა გამოყენების დამოუკიდებელი გამოძიების დასრულებამდე.
სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ უნდა გადაიხედოს 2024 წლიდან მოყოლებული საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული ყველა სისხლის სამართლის საქმე. ორგანიზაცია მოითხოვს იმ განაჩენების გაუქმებას, რომლებიც უსამართლო სასამართლო პროცესების შედეგად იქნა გამოტანილი, ხოლო უკანონოდ ან პოლიტიკურად მოტივირებული საფუძვლებით დაპატიმრებული პირების გათავისუფლებას.
რეკომენდაციები ეხება საერთაშორისო პარტნიორებსაც. Amnesty International ევროკავშირს, ევროპის საბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, გააძლიერონ მხარდაჭერა დამოუკიდებელი მედიის, უფლებადამცველებისა და არასამთავრობო სექტორის მიმართ. ორგანიზაცია ასევე მოითხოვს, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა უფრო აქტიურად დააყენონ ადამიანის უფლებების საკითხი საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობებში.
ანგარიშის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეკომენდაცია პოლიციის აღჭურვილობას უკავშირდება. Amnesty International საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, დამოუკიდებელი გამოძიების დასრულებამდე შეაჩერონ საქართველოსთვის საპოლიციო აღჭურვილობის, მათ შორის ნაკლებად ლეტალური იარაღისა და თვალთვალის ტექნოლოგიების მიწოდება.
გარდა ამისა, ორგანიზაცია მხარს უჭერს საერთაშორისო მონიტორინგის გაძლიერებას სასამართლო პროცესებზე, დაკავების ადგილებსა და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული საქმეების გამოძიების პროცესში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესრულება.