ადვოკატის ცნობით, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება კანადელ ახალგაზრდას, საიმონ როვენსკის, რომელიც საქართველოში აკრძალული მედიკამენტის ფლობისთვის დააკავეს.
ინფორმაცია მისმა ადვოკატმა გიგა ბაკურაძემ „პუბლიკას“ დაუდასტურა.
ადვოკატის ცნობით, საპროცესო შეთანხმების პირობა 30 000-ლარიანი ჯარიმაა. მისი თქმით, პროკურატურასთან შეთანხმება მიღწეულია და გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა გააფორმოს.
ახლობლების ცნობით, 22 წლის საიმონ როვენსკი, რომელსაც თან ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტი ჰქონდა, საქართველოს საზღვარზე 30 აპრილს დააკავეს. როგორც კანადის მოქალაქის ახლობლები აცხადებენ, მედიკამენტი საქართველოში აკრძალული ნივთიერებების ნუსხაში აღმოჩნდა, მას კი რეცეპტი თან არ ჰქონდა.
პროკურატურამ კანადის მოქალაქეს ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო ფლობისა და საზღვარზე გადატანის მცდელობის ფაქტზე წარუდგინა, რაც საქართველოს კანონმდებლობით 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.