პოლონეთის პოლიციამ და შიდა უსაფრთხოების სააგენტომ დააკავა საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კავშირი აქვს სატირიკოსი მხატვრის მკვლელობასთან.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა 17 ივნისს განაცხადა, რომ „მკვლელობას პოლიტიკური მკვლელობის ყველა ნიშანი აქვს“.
დღეს, 18 ივნისს დონალდ ტუსკმა თქვა, რომ უსაფრთხოების სამსახურები მუშაობენ იმის დასადგენად, ვინ დაუკვეთა მკვლელობა.
„რუსი პირის მკვლელობაში სავარაუდო მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია ადამიანი, რომელიც ლუბლინის პოლიციამ და შიდა უსაფრთხოების სააგენტომ დააკავეს. ის საქართველოს პასპორტს იყენებს. შესაბამისი უწყებები მუშაობენ დამკვეთის იდენტიფიცირებაზე“, – დაწერა ტუსკმა X-ზე.
ლუბესკას პოლიციამ განაცხადა, რომ დაკავებულია 36 წლის კაცი, რომელიც ფლობდა საქართველოს მიერ გამოცემულ პასპორტს.
სემიონ სკრეპეტსკი, რომლის ნამდვილი სახელიც რობერტ კუზოვკოვია და რომელიც ცნობილი იყო იმით, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კარიკატურებს ხატავდა, 15 ივნისს დილით მოკლეს – მას პოლონეთის აღმოსავლეთით, ბელარუსის საზღვართან მდებარე ქალაქ ბიალა პოდლასკაში რამდენჯერმე ესროლეს თავში და გულ-მკერდის არეში.
თვითმხილველების თქმით, შეიარაღებული პირი კუზოვკოვს მაშინ მიუახლოვდა, როდესაც ის სახლთან ახლოს ძაღლს ასეირნებდა, და ცეცხლი დღისით, საჯარო ადგილას გაუხსნა.
ტუსკმა 17 ივნისს თქვა, რომ თუ მკვლელობა მოსკოვის დაკვეთით განხორციელდა, „საქმე გვაქვს ძალიან სერიოზულ ინციდენტთან, რომელსაც საერთაშორისო განზომილება აქვს“.
„ეს სახელმწიფო ტერორიზმია“, – თქვა მან.
ემიგრაციაში ყოფნის პერიოდში კუზოვკოვი ანტიპუტინისტურ აქციებში მონაწილეობდა, თუმცა, აკრიტიკებდა ოპოზიციასაც. 2024 წელს ბერლინში გამართულ ოპოზიციურ მსვლელობაზე მას თან ჰქონდა ალექსეი ნავალნის კარიკატურა სენდვიჩით ხელში. ეს იყო მინიშნება 2014 წლის დისკუსიაზე, რომლის დროსაც პოლიტიკოსმა ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნების საკითხზე საუბრისას ყირიმი სენდვიჩს შეადარა.
სოციალურ ქსელებში სატირიკოსი ასევე აკრიტიკებდა უკრაინის ხელისუფლებას და აკეთებდა უკრაინელების შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს.
დამოუკიდებელი რუსული მედია iStories-ის ცნობით, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ინტერნეტში გამოქვეყნდა მისი მისამართი ქალაქ ბიალა პოდლასკაში.
ინფორმაცია გავრცელდა ვებგვერდზე, რომელიც თავის თავს უკრაინულ პროექტად მოიაზრებს და ამბობს, რომ მიზნად ისახავს პრორუსული პროპაგანდის მხილებას. კუზოვკოვის პირადი მონაცემები და მისამართი ასევე განთავსებული იყო Myrotvorets-ის („მშვიდობისმყოფელი“) ვებგვერდზე.
კუზოვკოვი ხშირად ხატავდა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის, მისი შვილის ადამ კადიროვისა და „ახმატის“ მეთაურის, აპტი ალაუდინოვის კარიკატურებს. 14 ივნისს ის გამოეხმაურა ადამ კადიროვისთვის „ჩეჩნეთის გმირის“ წოდების ხელახლა მინიჭებას და გამოაქვეყნა ნახატი, რომელზეც მამა-შვილი კადიროვები ღორის დინგებით, ყურებითა და ჩლიქებით იყვნენ გამოსახულნი.
მკვლელობამდე ერთი თვით ადრე კუზოვკოვი წერდა, რომ Instagram-მა მისი ანგარიში დაბლოკა კადიროვის კარიკატურების გამო.
მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე კუზოვკოვმა ბერლინში რუსეთის საელჩოსთან პერფორმანსი გამართა. აქციის დროს მან შარვლის უკანა ნაწილში გაკეთებული ჭრილიდან რუსეთის დროშა ამოიღო და ნაგვის ურნაში გადააგდო. ამის შემდეგ კუზოვკოვმა საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიარა ხატის სტილში შესრულებული ნახატით, რომელზეც იოსებ სტალინი ჩვილ ვლადიმირ პუტინთან ერთად იყო გამოსახული. თავად კუზოვკოვს ეცვა ტრადიციული ლაპტები (ხის ქერქისგან დამზადებული ფეხსაცმელი), უშანკა და ეკეთა წმინდა გიორგის ლენტი.
პერფორმანსის დასრულების შემდეგ კუზოვკოვმა Telegram-ზე დაწერა, რომ მუქარის მესიჯები მიიღო, მუქარის ავტორებს კი „რუსი პატრიოტები“ უწოდა. მუქარა, სავარაუდოდ, კადიროვისა და პუტინის სახელით იყო გაკეთებული.