ტუსკი: რუსი სატირიკოსი მხატვრის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს პასპორტს იყენებდა

პუბლიკა

პოლონეთის პოლიციამ და შიდა უსაფრთხოების სააგენტომ დააკავა საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კავშირი აქვს სატირიკოსი მხატვრის მკვლელობასთან.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა 17 ივნისს განაცხადა, რომ „მკვლელობას პოლიტიკური მკვლელობის ყველა ნიშანი აქვს“.

დღეს, 18 ივნისს დონალდ ტუსკმა თქვა, რომ უსაფრთხოების სამსახურები მუშაობენ იმის დასადგენად, ვინ დაუკვეთა მკვლელობა.

„რუსი პირის მკვლელობაში სავარაუდო მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია ადამიანი, რომელიც ლუბლინის პოლიციამ და შიდა უსაფრთხოების სააგენტომ დააკავეს. ის საქართველოს პასპორტს იყენებს. შესაბამისი უწყებები მუშაობენ დამკვეთის იდენტიფიცირებაზე“, – დაწერა ტუსკმა X-ზე.

სემიონ სკრეპეტსკი, რომლის ნამდვილი სახელიც რობერტ კუზოვკოვია და რომელიც ცნობილი იყო იმით, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კარიკატურებს ხატავდა, 15 ივნისს დილით მოკლეს – მას პოლონეთის აღმოსავლეთით, ბელარუსის საზღვართან მდებარე ქალაქ ბიალა პოდლასკაში რამდენჯერმე ესროლეს თავში და გულ-მკერდის არეში.

თვითმხილველების თქმით, შეიარაღებული პირი კუზოვკოვს მაშინ მიუახლოვდა, როდესაც ის სახლთან ახლოს ძაღლს ასეირნებდა, და ცეცხლი დღისით, საჯარო ადგილას გაუხსნა.

ტუსკმა 17 ივნისს თქვა, რომ თუ მკვლელობა მოსკოვის დაკვეთით განხორციელდა, „საქმე გვაქვს ძალიან სერიოზულ ინციდენტთან, რომელსაც საერთაშორისო განზომილება აქვს“.

„ეს სახელმწიფო ტერორიზმია“, – თქვა მან.