ნინო ლომჯარიამ „იმედს“ უჩივლა

პუბლიკა

ყოფილმა სახალხო დამცველმა და ორგანიზაცია „საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ „იმედს“ უჩივლა. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ დღეს განაცხადა.

„საქმე ეხება ტელეკომპანიის და “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიერ ჩემ წინააღმდეგ აგორებულ ფართომასშტაბიან ცილისმწამებლურ კამპანიას, თითქოსდა ქართველი ხალხის დასჯას და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას ვითხოვ.

იმედის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი არ ეხება მხოლოდ ჩემზე გავრცელებულ ტყუილს. ეს საქმე ეხება იმასაც, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება სხვებს გადააბრალოს პასუხისმგებლობა საკუთარი პოლიტიკის შედეგებზე.

ეს სარჩელი შევიტანე არა მხოლოდ როგორც დეზინფორმაციის სამიზნემ, არამედ როგორც ორი შვილის დედამ და საქართველოს მოქალაქემ. მინდა, რომ ყველა ქართველ ბავშვს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ისწავლონ ევროპისა და ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტებში, თავისუფლად იმოგზაურონ, მიიღონ ხარისხიანი განათლება და იცხოვრონ ქვეყანაში, რომელიც დემოკრატიულ და უსაფრთხო სამყაროს ეკუთვნის.

ჩემსა და ჩემ ცილისმწამებლებს შორის სწორედ აქ გადის მთავარი ზღვარი: მათ ევროპა, ხარისხიანი განათლება და თავისუფალი გადაადგილება საკუთარი შვილებისთვის უნდათ, დანარჩენ მოქალაქეებს კი ტყუილს, სიძულვილსა და უპერსპექტივობას სთავაზობენ.

არ არსებობს ბუნებაში მოწმე, ფაქტი, თუნდაც უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერი, სადაც მე ოდესმე მითქვამს ან მიფიქრია რაიმე საქართველოს ევროპული მომავლის, კანდიდატის სტატუსის ან უვიზო მიმოსვლის წინააღმდეგ. საპირისპიროს კი მრავალი ფაქტი ადასტურებს.

ჩემს წინააღმდეგ აგორებული კამპანია არის წინასწარ დაგეგმილი პოლიტიკური ოპერაცია, რადგან, ხელისუფლება უკვე ამზადებს ნიადაგს იმ შედეგებისთვის, რომელიც შესაძლოა მისივე ანტიევროპული პოლიტიკის გამო დადგეს.

ხელისუფლებაში აღარ ფიქრობენ იმაზე, როგორ შეინარჩუნონ უვიზო მიმოსვლა. ისინი ფიქრობენ იმაზე, ვის დააბრალონ მისი დაკარგვა.

ეს არის კამპანია საკუთარი თავის გადასარჩენად და არა საქართველოს მოქალაქეების ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის გადასარჩენად. ეს არის ხალხის სამართლიანი ბრაზისგან თავის დაძვრენის უღირსი და ლაჩრული მცდელობა.

ნაცვლად იმისა, რომ პარტნიორებთან მუშაობდნენ, ასრულებდნენ აუცილებელ რეკომენდაციებს და ქვეყანას აშორებდნენ საფრთხეს, ისინი მთელ რესურსს ხარჯავენ მტრების გამოგონებაზე და პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაზე.

მიუხედავად ამ უკანონო და ამორალური თავდასხმებისა, გავაგრძელებ ჩვენს პარტნიორებამდე იმის მიტანას, რომ საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ კეთილდღეობას, დაცულ მომავალს, თავისუფალ გადაადგილებას და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ევროპასთან დაახლოებას მოაქვს.

გავაკეთებ ამას იმდენად, რამდენადაც ერთ მოქალაქეს, დედას და ამ ქვეყნის ერთ შვილს შეუძლია. რადგან ეს ბრძოლა არც ჩემზეა და არც ცალკეულ ადამიანებზე. ეს ბრძოლა იმაზეა, როგორი ქვეყანა დარჩება ჩვენს შვილებს.“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.