ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, დუშანბეს საერთაშორისო აეროპორტში კობახიძეს ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი კოხირ რასულზოდა დახვდება.
მათივე ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მთავრობის მეთაურების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.
„საქართველოს მთავრობის მეთაურს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლებს ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემომალი რახმონი. შეხვედრის შემდეგ ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.