ირანის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, აცხადებენ, რომ შემაშფოთებელია ის მდგომარეობა, რომელიც საპროტესტო აქციებში მონაწილე ადამიანებს შეექმნათ.
მათი თქმით, ირანის არაერთ მოქალაქეს, რომლებიც მონაწილეობდნენ თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებში, შეეზღუდათ საკონსულო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა, შეექმნათ სერიოზული პრობლემები პირადობისა და ბინადრობის დოკუმენტების განახლებასთან დაკავშირებით. გაზრდილია დაკავების, ასევე თავშესაფრის მოთხოვნაზე უარის მიღებისა და ქვეყნის დატოვების ვალდებულების რისკი.
„ადამიანის უფლებათა დამცველები გამოთქვამენ შეშფოთებას „იძულებითი დაბრუნების აკრძალვის“ პრინციპის შესაძლო დარღვევის გამო და აღნიშნავენ, რომ ამ პირთა ნაწილის ირანში დაბრუნებამ შესაძლოა ისინი დააყენოს დაკავების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სხვა სერიოზული საფრთხეების წინაშე“, – აცხადებენ ისინი.
ირანის მოქალაქეები ამბობენ, რომ უწყვეტი საპროტესტო აქციების შემდეგ, რომლებიც თბილისში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოსა და საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარეობს და განსაკუთრებით 2026 წლის დასაწყისიდან გამწვავდა, ირანელი მიგრანტების, თავშესაფრის მაძიებლებისა და პოლიტიკურ-რელიგიური ლტოლვილების საზოგადოება უპრეცედენტო სამართლებრივი და უსაფრთხოების კრიზისის წინაშე დადგა.
„ეს ბიუროკრატიული და უსაფრთხოების წნეხი სერიოზულ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ თავშესაფრის მაძიებლებს, არამედ იმ პირთა უსაფრთხოებასაც, რომლებსაც აქვთ გრძელვადიანი ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა, და მათაც კი, ვინც საქართველოს მოქალაქეობას ფლობს“, – წერია ირანის მოქალაქეების განცხადებაში.
მათი თქმით, ირანის რეჟიმი საკონსულო მომსახურებას იარაღად იყენებს. იმ მოქალქეებს, რომლებიც მონაწილეობდნენ აქციებში, სისტემატურად უარს ეუბნებიან მათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული და საკონსულო მომსახურების გაწევაზე.
„ეს ბიუროკრატიული საბოტაჟი მოიცავს არა მხოლოდ პასპორტის ვადის გაგრძელებაზე უარს, არამედ ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაცემის დაბლოკვას, როგორიცაა „ცნობა ნასამართლობის შესახებ“, „მართვის მოწმობის განახლება“ და „მინდობილობების რეგისტრაცია“.
ეს ირანელებს უფლებრივად უმწეო მდგომარეობაში აყენებს და პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის მათი სამუშაო, სასწავლო ან კანონიერი ბინადრობის ნებართვების გაგრძელებას. საელჩო ამ ბიუროკრატიული მომსახურების გაწევას აპირობებს იდეოლოგიური ინკვიზიციის ფორმების ხელმოწერით, მონანიების გამოხატვითა და იძულებითი აღიარებითი ჩვენებებით“.
გარდა ამისა, როგორც ირანელები ამბობენ, საკონსულო მომსახურების სრულმა აღკვეთამ გამოიწვია აქტივისტების საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ვადის ამოწურვა. ეს ბიუროკრატიული ბლოკადა პოლიტიკურ და რელიგიურ აქტივისტებს „დოკუმენტების არმქონე“ (არალეგალის) სტატუსში აყენებს, „რაც მათ სამართლებრივი დევნის, ბიუროკრატიული ტერორისა და საქართველოს პოლიციისა თუ საიმიგრაციო სამსახურების მიერ მყისიერი დაკავების საფრთხის წინაშე ტოვებს“.
ასევე, მათი თქმით, სასამართლოებში დაჩქარებულად მიიღება მასობრივი გადაწყვეტილებები – მაძიებლის ან თუნდაც მისი ადვოკატის დასწრების გარეშე გამოიცემა გადაწყვეტილებები თავშესაფარზე უარის თქმისა და ქვეყნის დატოვების (გაძევების) შესახებ.
„ეს შემაშფოთებელი ტენდენცია აძლიერებს ეჭვებს ირანის საელჩოს დიპლომატიურ ზეწოლასთან ბიუროკრატიული სინქრონიზაციის შესახებ“, – წერენ ირანის მოქალაქეები.
ისინი ასევე მიუთითებენ, რომ სახეზეა საერთაშორისო პრინციპის – „გაძევების შეუძლებლობის“ (Non-Refoulement) აშკარა დარღვევა: საქართველოს ხელისუფლების მიერ დოკუმენტების არმქონე აქტივისტების დაკავების შემთხვევაში, საელჩოს მიერ შექმნილი დაბრკოლებების გამო, ერთადერთ ადმინისტრაციულ გზად რჩება ცალმხრივი სამგზავრო დოკუმენტის გაცემა და ირანში დეპორტაცია.
„ამ აქტივისტების საჯარო პოლიტიკური წარსულის გათვალისწინებით, მათი იძულებითი დაბრუნება ირანში ნიშნავს მყისიერ დაკავებას, წამებას, ზეწოლის ქვეშ იძულებითი აღიარებების მოპოვებას, ხანგრძლივ პატიმრობასა და სიკვდილით დასჯის (სიკვდილის განაჩენის) გარდაუვალ საფრთხეს“.
ირანის მოქალაქეებს მაგალითად მოჰყავთ 2 შემთხვევა:
იმან ასღარის საქმე – ირანის მოქალაქეების თქმით, 2026 წლის 8 მაისიდან იმყოფება საქართველო საიმიგრაციო დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში, მძიმე პირობებში იმყოფება.
„მისი პასპორტის ვადის ამოწურვის გამო თბილისში ირანის საელჩოს მეორე მდივანმა, ლადან რაჰიმიმ ღიად განაცხადა, რომ საელჩო არ განაახლებს მის დოკუმენტებს, რათა იგი ირანში იქნეს დეპორტირებული და „სხვებისთვის ჭკუის სასწავლებელი მაგალითი გახდეს“. ეს ოფიციალური განცხადებები, გაკეთებული საელჩოს მიერ, რომელსაც ალი მოუჯანი ხელმძღვანელობს, არის ბიუროკრატიული მძევლობისა და აქტივისტების სასაკლაოზე გასაგზავნად შეთანხმებული მოქმედების აშკარა მტკიცებულება“.
„ის თავისი მედიააქტივობის გამო შეყვანილია ირანის რეჟიმის 400-კაციან შავ სიაში, ხოლო მისი ქონება ირანში კონფისკებულია „სამშობლოს ღალატის“ ბრალდებით. მანამდე იგი 10 დღით იყო დაკავებული საქართველოს ხელისუფლების მიერ და მხოლოდ მოქმედი პასპორტის ქონის წყალობით მოახერხა ირანში დეპორტაციის საფრთხისგან თავის დაღწევა და მესამე ქვეყანას (სომხეთს) შეაფარა თავი. ეს შემთხვევა ხაზს უსვამს იმას, რომ დღევანდელ საქართველოში საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ქონა ან არქონა არის ზღვარი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის“.
ირანის მოქალაქეები საერთაშორისო თანამეგობრობასა და გლობალურ ინსტიტუტებს: გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს (UNHCR) და ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს (Amnesty International და Human Rights Watch), დაუყოვნებლივ ჩაერიონ სიტუაციაში:
„მოუწოდეთ საქართველოს სასამართლო და აღმასრულებელ ორგანოებს, შეაჩერონ დოკუმენტების არმქონე აქტივისტების დაკავება და მასობრივი დაუსწრებადი გაძევების გადაწყვეტილებების გამოცემა, და მკაცრად დაიცვან 1951 წლის ლტოლვილთა კონვენცია.
ალტერნატიული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების უზრუნველყოფა: აამოქმედეთ საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები – როგორიცაა ნანსენის დამცავი პასპორტები ან გაეროს დროებითი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, იმ ირანელებისთვის, რომელთა დოკუმენტებიც საელჩოს მიერ მძევლად არის აყვანილი“, – ნათქვამია ირანის მოქალაქეების განცხადებაში.
ისინი მედიასაც სთხოვენ, დაეხმარონ ინფორმაციის გავრცელებაში.