მდინარაძე ღარიბაშვილზე: ბრალდებებისთვის მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს რეალური

პუბლიკა

მამუკა მდინარაძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერ-მინისტრს ციხეში წერილი სწორედ მდინარაძემ შეუგზავნა.

მდინარაძის თქმით, ღარიბაშვილის მიზნებზე საუბრისგან თავს შეიკავებს, რადგან პატიმრობაში მყოფი კაცია და მიდი სიტუაციიდან სწორი არ იქნება შეტევაზე გადასვლა.

ამავე დროს, ვინაიდან ის და „ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები კორუფციას ასე უკომპრომისოდ დაუპირისპირდნენ, ბრალდებებისთვისაც მზად არიან“.

„ერთი შემიძლია აბსოლუტური გულწრფელობით გითხრათ, რომ მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით კორუფციას, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები, შეიძლება უარესი, იყო, არის და იქნება.

[…] კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ბრალდებებისთვის მზად ვართ. მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს რეალური და ამასაც გადავიტან და ბევრ რამესაც და კორუფციის ბრძოლაშიც ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან“, – თქვა მდინარაძემ.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, 18 აგვისტოს ციხიდან გაავრცელა დაანონსებული წერილი და თქვა, რომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” კამპანიის მთავარი მიზანი მისი „ციხეში ჩასმა და პოლიტიკური განადგურება იყო“.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უარი თქვა სამართლებრივ ბრძოლაზე და ბოლომდე გაჰყვა მისთვის „გამანადგურებელ პროცესს“, რათა „არ დაეზიანებინა სახელმწიფოსა და გუნდის ინტერესები”, სანაცვლოდ მიიღო „დადგმული ბინძური პროვოკაცია, ბევრი ტყუილი და უსამართლობა“.

ღარიბაშვილის მტკიცებით, მის მიერ 17 აგვისტოს გამოქვეყნებული წერილი მას ივლისში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა.

ღარიბაშვილის თქმით, ეს „წითელი ხაზი“ იყო და მას „იძულებულს ხდიან, დაიწყოს ბრძოლა“.

წინა დღეს, 17 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ „დღეიდან მისი და ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“.

მანვე თქვა, რომ წერილი მას ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაუგზავნეს და მისთვის უცნობ კორუფციულ საქმეზე აღიარებითი ჩვენების მიცემა შესთავაზეს, ასევე შეთანხმების სანაცვლოდ ღარიბაშვილს უარი უნდა ეთქვა პოლიტიკაში დაბრუნებაზე.


2025 წლის ოქტომბერში საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

2026 წლის იანვარში ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, მას სასჯელის სახედ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა ერთი მილიონი ლარის ოდენობით.

ღარიბაშვილის უფლებადამცველი, ლილი გელაშვილი ოქტომბერში ამბობდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი დაუსაბუთებელი შემოსავლის გამო წარედგინა და უკანონო შემოსავლების მიღება არ ნიშნავს კორუფციის აღიარებას.