ირაკლი კობახიძემ ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონისთან ერთობლივი კომუნიკე გააფორმა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-რელიზის თანახმად, კომუნიკეში ნათქვამია, რომ დოკუმენტი მოიცავს „ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს და ქმნის საიმედო სამართლებრივ საფუძველს ტაჯიკეთ-საქართველოს თანამშრომლობის არსებული პოტენციალის ურთიერთსასარგებლო რეალიზაციისთვის“.
კომუნიკეში წერია, რომ „სატრანსპორტო-ლოგისტიკური სექტორის ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად აღიარებასთან ერთად მხარეები შეთანხმდნენ, ხელი შეუწყონ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და სატრანზიტო პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას“.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ „ტაჯიკეთის რესპუბლიკა და საქართველო მხარს უჭერენ ტაჯიკეთსა და საქართველოს შორის რეგულარული პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის სწრაფ დამყარებას და მზად არიან, ერთობლივად შეიმუშაონ და განახორციელონ პროექტები ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროებში“.
„ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით მხარეები ხელს შეუწყობენ კულტურის, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ჯანდაცვის, ასევე კვლევით ცენტრებსა და სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებს შორის კონტაქტების განვითარებას.
მხარეებმა დაადასტურეს ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პრიორიტეტულობა და გამოხატეს სურვილი, ხელი შეუწყონ ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის ზრდას, ექსპორტისა და იმპორტის დივერსიფიკაციას, აგრარული, ინოვაციის და ენერგეტიკის სექტორების განვითარებას, ასევე სამრეწველო თანამშრომლობას სამთო მეტალურგიის, მსუბუქი და გადამამუშავებელი მრეწველობის სფეროებში.
მხარეებმა დაადასტურეს თავიანთი ერთგულება გლობალური გამოწვევებისა და საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისა და განვითარების მიმართ, მათ შორის, ტერორიზმის, ექსტრემიზმის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის, კიბერდანაშაულისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში”, – წერია კომუნიკეში.
ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთში 19 ივნისს გაემგზავრა.
ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ტაჯიკეტთან მთლიანობაში 11 სხვადასხვა შეთანხმება გაფორმდა.
მისი მტკიცებით, „ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“.
მანვე დააანონსა უზბეკეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტების ვიზიტი თბილისში ივლისში.
„ცოტა ხნის წინ გვქონდა ვიზიტი ყირგიზეთში, მალე გვექნება ვიზიტი ყაზახეთში, ივლისის თვეში საქართველოში ჩამოდიან უზბეკეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტები, შესაბამისად, გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა ურთიერთობებში და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას.
იცით, რომ დიდი ინვესტიციები იდება ამ ყველაფერში დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებაში, ამასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ურთიერთობების განვითარებას როგორც მეზობელ ქვეყნებთან, იცით, რომ შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან, ასევე მაქსიმალურად ვავითარებთ ურთიერთობებს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. ამ პროცესების საფუძველზე საქართველო ბევრად უფრო წინ წავა საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის ათვისების თვალსაზრისით. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.