ევროპულმა კომისიამ სომხეთს 34 მილიონი ევრო გამოუყო, რათა შეამციროს რუსეთის მიერ ექსპორტის შეზღუდვებით გამოწვეული ზიანი.
19 ივნისს ევროპულმა კომისიამ განაცხადა, რომ ეს ხდება ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ნიკოლ ფაშინიანის სატელეფონო საუბრიდან 2 კვირის თავზე, ვინაიდან „ევროკავშირი სწრაფად ასრულებს თავის ვალდებულებებს სომხეთისა და მისი ხალხის მხარდასაჭერად“.
ეს ფინანსური დახმარება დახმარების უფრო ფართო პაკეტის პირველი ტრანშია. პაკეტი ასევე მოიცავს ვაჭრობის ხელშეწყობისა და სოლიდარობის ზომებს, რომლებიც მიზნად ისახავს სომხეთის ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერებას.
ევროკომისია აცხადებს, რომ გასულ თვეში ევროკავშირი-სომხეთის სამიტზე აღებული ვალდებულებების საფუძველზე, ევროკავშირი და სომხეთი გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას ბიზნესკავშირების გასაძლიერებლად და სომეხი მწარმოებლებისთვის ბაზრებზე წვდომის გასაფართოებლად. დამატებითი მხარდაჭერა ექნებათ იმ სექტორებს, რომლებზეც სავაჭრო შეზღუდვებმა გავლენა მოახდინა, მათ შორის აგროსასურსათო პროდუქციის, ყვავილების წარმოებისა და სხვა ექსპორტზე ორიენტირებული ინდუსტრიების მიმართულებით.
„ეს მხარდაჭერა განხორციელდება სავაჭრო ინიციატივების, ბიზნეს-პარტნიორების მოძიების ღონისძიებებისა და ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამების მეშვეობით. ევროკავშირი-სომხეთის ეკონომიკური მდგრადობის სამუშაო ჯგუფი რეგულარულად აგრძელებს შეხვედრებს, რათა კოორდინაცია გაუწიოს და გააკონტროლოს აღნიშნული ზომების განხორციელება“, – აცხადებს ევროკომისია.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა:
„ევროკავშირი მტკიცედ უდგას მხარს სომხეთს – სუვერენულ, დემოკრატიულ და დამოუკიდებელ ქვეყანას. დღევანდელი მხარდაჭერა დაეხმარება ქვეყნის წინაშე მდგარი დაუყოვნებელი ეკონომიკური გამოწვევების დაძლევას და ამავდროულად ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის სომხურ ბიზნესს რეგიონულ და ევროპულ ბაზრებთან სავაჭრო ურთიერთობების გასაფართოებლად. ეს არის ევროპული სოლიდარობის რეალური გამოხატულება“.
ამასთან, 5 ივლისს კომისარი კოსი სომხეთს ეწვევა, „რათა ხელი შეუწყოს მხარდაჭერის პაკეტის განხორციელებას და განიხილოს ევროკავშირი-სომხეთის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების შემდგომი ნაბიჯები“.
სომხეთის 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების წინ რუსეთმა მასობრივად შეზღუდა სომხეთის პროდუქციის ექსპორტი რუსეთში. ევროკავშირმა ეს ეკონომიკურ ზეწოლად შეაფასა.