რუსული შეზღუდვების ფონზე EU სომხეთის ექსპორტის მხარდაჭერის პაკეტს ამზადებს

პუბლიკა

ავტორი: არშალუის ბარსეღიანი

სომხეთმა უკრაინაში ყვავილების პირველი პარტია უკვე გააგზავნა და დამატებითი მიწოდებისთვის ემზადება. პარალელურად კი ევროკავშირი მუშაობს სავაჭრო პაკეტზე, რომლის მიზანიც იმ ზიანის ნაწილობრივი კომპენსირებაა, რომელიც სომხურ საქონელს იმპორტზე რუსული შეზღუდვების შედეგად მიადგა. ეს ყველაფერი 7 ივნისის არჩევნებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ხდება.

17 ივნისს Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიუსელი ამზადებს „საგანგებო სავაჭრო მხარდაჭერას სომხეთისთვის“, რომელიც შესაძლოა „მომდევნო რამდენიმე კვირაში“ გამოცხადდეს.

გამოცემის წყაროების თანახმად, ევროკომისია განიხილავს „ავტონომიურ სავაჭრო ზომებს“, რომლებიც სომხური ექსპორტისთვის ევროკავშირში საბაჟო ტარიფების შემცირებას ითვალისწინებს.

ევროკომისიის ზომები მოიცავს „რუსული აკრძალვების სამიზნე დაახლოებით 20 პროდუქტის კატეგორიის უმეტესობას, რომელთა ღირებულებაც ყოველწლიურად დაახლოებით 420 მილიონ ევროს (490 მილიონ დოლარს) შეადგენს“. აღნიშნულ პაკეტს კვლავ დასჭირდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობისა და ევროპარლამენტის თანხმობა.

ეს ინფორმაცია გავრცელდა იმ ფონზე, რომ რუსეთმა 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების წინ სომხურ ექსპორტზე არაერთი შეზღუდვა დააწესა. შეზღუდვები შეეხო სომხეთის მრავალ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს, მათ შორის ყვავილებს, ხილს, ბოსტნეულს, მინერალურ წყალსა და ალკოჰოლურ სასმელებს. ზოგიერთ საქონელს შეეხო ტრანზიტის შეზღუდვაც რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) ბლოკში, რომლის წევრიც სომხეთია.

ეს ნაბიჯი აღიქმებოდა, როგორც არჩევნების შედეგებზე გავლენის მცდელობა, რომლის მიზანი უფრო პრორუსული ძალების ხელისუფლებაში მოყვანა იყო, თუმცა ეს არ განხორციელდა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსი ოფიციალური პირები უარყოფენ შეზღუდვების პოლიტიკურ მოტივაციას, სომხეთის ხელისუფლებამ მათ „ეკონომიკური სანქციები“ უწოდა, ხოლო ევროკავშირის წარმომადგენლებმა – „ეკონომიკური იძულების ფორმა“.

სომხეთის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირის წევრობა რჩება ფაქტორად, რომელმაც, Financial Times-ის თანახმად, შესაძლოა გაართულოს ერევანსა და ევროკავშირს შორის პრეფერენციული სავაჭრო შეთანხმებების გაფორმება. ამავდროულად, გამოცემის წყაროს ცნობით, ევროკავშირის ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან, რომ მოსკოვმა შესაძლოა კიდევ უფრო გააძლიეროს სავაჭრო წნეხი სომხეთზე.

გამოცემა ასევე მიუთითებს პრაქტიკულ სირთულეებზე, რომელთა წინაშეც სომეხი ექსპორტიორები დგანან. მათ შორისაა ქვეყნის ზღვაზე გასასვლელის არქონა და მალფუჭებადი პროდუქციის ევროპულ ბაზრებზე ტრანსპორტირების სირთულეები. სომხური კონიაკი – ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტი – ასევე გამოწვევად იქცა ევროკავშირის ოფიციალური პირებისთვის, რადგან საფრანგეთში კონიაკის წარმოებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ეს ინფორმაცია გავრცელდა მას შემდეგ, რაც სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაში, რომელიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, კაია კალასის მიწვევით გაიმართა.

შეხვედრის შემდეგ კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ხედავს „რუსეთის მნიშვნელოვნად გაზრდილ ზეწოლას, რათა სომხეთმა საგარეო კურსი შეცვალოს“.

„სწორედ ამიტომ უნდა დავეხმაროთ სომხეთს, რომ იყოს მდგრადი. ამიტომაც განვიხილავთ ბატონ მირზოიანთან ერთად, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ სომხეთის დასახმარებლად ამ გზაზე“, – დასძინა მან.

ამავე დროს ევროკავშირის გაფართოების კომისარი მარტა კოსი ივლისის დასაწყისში სომხეთში ვიზიტს გეგმავს.

ევროკომისიის პრესსპიკერმა ოლოფ გილმა Financial Times-ს უთხრა, რომ კოსი „წარადგენს ავტონომიურ სავაჭრო ზომებს, რომლებიც მეტ სომხურ კომპანიას მისცემს ევროკავშირის ბაზარზე ახალი შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას და დაეხმარება ქვეყნის ეკონომიკას იმ სფეროებში, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდა“.

ევროკავშირის ეს ინიციატივა მოჰყვება 4 ივნისს გამოცხადებულ 50 მილიონ ევროზე (58 მილიონ დოლარზე) მეტ გადაუდებელ ფინანსურ დახმარებას სომხეთისთვის.

მიმდინარე კვირის დასაწყისში სომხეთმა უკრაინაში 9 500 ერთეული ყვავილის ექსპორტი განახორციელა, იმავე მოცულობის მეორე პარტია კი უკვე გასაგზავნად მზადდება.

ამავე დროს, ნიდერლანდებმა სომეხი მწარმოებლებისთვის გახსნა Royal Flora Holland – ყვავილების ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო პლატფორმა მსოფლიოში.

რუსული შეზღუდვების ფონზე, სომეხი ექსპორტიორები სულ უფრო აქტიურად ეძებენ ალტერნატიულ ბაზრებს თავიანთი პროდუქციისთვის.

16 ივნისს სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორქ პოპოიანმა უარყო რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის (როსსელხოზნადზორი) ხელმძღვანელის, სერგეი დანკვერტის ბრალდებები, თითქოს სომხეთის ხელისუფლებამ უწყების წერილები უპასუხოდ დატოვა.

სომხურ სამთავრობო გამოცემა Armenpress-თან საუბრისას პაპოიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა დიდწილად მოახერხა რუსული შეზღუდვების ქვეშ მოქცეული ექსპორტის გადამისამართება ალტერნატიულ ბაზრებზე და ვითარება იმაზე ნაკლებად მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან შიშობდნენ. მან ასევე აღნიშნა, რომ დაზარალებული ექსპორტის „70%-ზე მეტი“ ახლა რუსეთის ნაცვლად სხვა ქვეყნებში იგზავნება.

მან დასძინა, რომ ამჟამად შეზღუდვების ქვეშ მყოფი სხვადასხვა პროდუქციის ექსპორტმა ივნისის პირველ ნახევარში სულ შეადგინა დაახლოებით 1,900 ტონა. გასული წლის იმავე პერიოდში ექსპორტი 2,300–2,400 ტონა იყო და ამ ექსპორტის 90%-ზე მეტი რუსეთში მიდიოდა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ვაფასებთ ევროკავშირის მხარდაჭერას, მაგრამ მაინც მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენი მიზანი არ არის ექსპორტის რუსეთიდან ევროპულ ბაზარზე უბრალო გადანაცვლება“, – განაცხადა პაპოიანმა.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.