პოლიტიკური მოძრაობა „ქართული რესპუბლიკა“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას ეხმაურება – ზახაროვამ გუშინ, 19 ივნისს თბილისში „რუსული ენის დღის“ აღნიშვნის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებს „ექსტრემისტები“ უწოდა და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს მათი ქმედებების შეფასებისა და რეაგირებისკენ მოუწოდა.
6 ივნისს თბილისში, პუშკინის სკვერში რუსეთის ინტერესების სექციის წარმომადგენლებმა რუსული ენის დაცვისა და ალექსანდრე პუშკინის დაბადების დღის აღსანიშნავი ღონისძიება გამართეს, რაც სამოქალაქო აქტივისტებმა, კერძოდ, მოძრაობა „ქართული რესპუბლიკის“ წევრებმა გააპროტესტეს. რუსული ენის დღე თბილისში წელს მეორედ აღინიშნა.
ღონისძიებას ესწრებოდა რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელი დიმიტრი ოლისოვი.
„ქართულმა რესპუბლიკამ“ მაშინვე განცხადება, რომ რუსეთის ოფიციალური პირების მიერ რუსული ენის დღის საჯარო აღნიშვნა საქართველოს დედაქალაქში მიუღებელია, ვიდრე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ენა იდევნება.
„18 ივნისს მარია ზახაროვამ თავად დაადასტურა, რომ ეს იყო რუსეთის ოფიციალური პირების მიერ ორგანიზებული პოლიტიკური აქტი და არა უბრალოდ პუშკინის დაბადების დღის აღნიშვნა. მან ასევე დამალა მთავარი გარემოება – წინა წლებისგან განსხვავებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ღონისძიებაში მონაწილეობენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და არა მხოლოდ მოქალაქეები,“ – განაცხადეს მოძრაობაში დღეს, 20 ივნისს, მარია ხაზაროვას პასუხად.
მათ ხაზი გაუსვეს, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი დღემდე ოკუპირებულია, ხოლო ოკუპირებულ რეგიონებში დახურულია ქართული სკოლები, გაუქმებულია ქართული ენის სწავლება ათასობით მოსწავლისთვის და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არ ეძლევა სრულფასოვანი რელიგიური საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.
„ამ ფონზე, რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების მიერ თავისუფლების მოედანზე იმ ენის დემონსტრაციული აღნიშვნა, რომლითაც 200 წელია ქართულის ჩანაცვლებას ცდილობენ, ჩვენთვის დაუშვებელია,“ – აცხადებს მოძრაობა.
„ქართული რესპუბლიკის“ შეფასებით, „გასაკვირი არ არის, რომ სიმართლის თქმის გამო რუსეთის მმართველები რადიკალიზმში გვადანაშაულებენ“. მათი თქმით, „რადიკალობა“ უკიდურესობას ნიშნავს და „ჩვენ, ქართველებს, უკიდურესად გვიყვარს სამშობლო“.
„ქართული რესპუბლიკა“ ასევე აკრიტიკებს ზახაროვას მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, დასაჯონ აქციის მონაწილეები. მოძრაობის შეფასებით, ეს წარმოადგენს რუსეთის კოლონიური მიდგომის კიდევ ერთ გამოვლინებას.
„ადგილზე მყოფმა ქართველმა პოლიციელებმა მაღალი პროფესიონალიზმი აჩვენეს. კრემლის მითითებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი საკუთარ ქვეყანაში, საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა,“ – აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათ განცხადებაში ასევე თქვეს, რომ როდესაც რუსეთის ხელისუფლება საუბრობს საქართველოზე, ხშირად მხედველობაში არ იღებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით საქართველოს განუყოფელი ნაწილებია.
მოძრაობის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ სცადა რუსეთის ინტერესების გათვალისწინება, მოსკოვისგან საპასუხოდ მხოლოდ მეტი ზეწოლა და უსამართლობა მიიღო.
„ოკუპირებულ რეგიონებში ვითარება წლიდან წლამდე მძიმდება, ხოლო ცხინვალში ქართული საუბარი ფაქტობრივად აღარ ისმის. ამაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
„ქართული რესპუბლიკა“ აცხადებს, რომ მათი პოზიცია უცვლელია: მოძრაობის ყოველი ნაბიჯი ქართველი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობით არის ნაკარნახევი, იგი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების პოლიტიკას და მიიჩნევს, რომ ამ პროცესის საფუძველი სახელმწიფოს ღირსებაა.
„ქართული რესპუბლიკის“ პოზიცია უცვლელია:
– ჩვენი ყოველი ნაბიჯი ნაკარნახევია ქართველი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობით.
– ჩვენ სრულად ვიზიარებთ ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების პოლიტიკას და თან გვწამს, რომ ყველაფრის საფუძველი სახელმწიფოს ღირსებაა.
– 6 ივნისის მოვლენები რუსეთის საგარეო უწყებისთვის უნდა იყოს ნათელი მაგალითი: მათი თანამშრომლების ნებისმიერი პოლიტიკური დემონსტრაცია ქართულ საჯარო სივრცეში გამოიწვევს მხოლოდ უკუშედეგს – მანამ, სანამ ჩვენი მიწები ოკუპირებულია, ხოლო ქართული ენა და ეკლესია იქიდან დევნილი.
„ქართული რესპუბლიკა“ ყოველთვის იქნება იქ, სადაც ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესები ჩვენს ყოფნას მოითხოვს.
„ქართული რესპუბლიკა“ ყოველთვის იქნება იქ, სადაც ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესები ჩვენს ყოფნას მოითხოვს,“ – ნათქვამია განცხადების დასასრულს.