კირ სტარმერი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს

პუბლიკა

კირ სტარმერი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს. გადაწყვეტილების შესახებ მან დღეს, 22 ივნისს, განაცხადა.

ის დატოვებს „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარის თანამდებობასაც.

გადადგომის შესახებ განცხადებამდე სტარმერმა თქვა, რომ ჩაიბარა „ფინანსურად და მორალურად გაკოტრებული „ლეიბორისტული პარტია“ და ხალხს რომ ეგონა, პარტია „დასრულებული“ იყო, ყველას „საწინააღმდეგო დაუმტკიცა“.

ამასთანავე, როგორც მან განაცხადა, აღადგინა ნდობა ეკონომიკისა და თავდაცვის მიმართ.

პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ კირ სტარმერმა, მისივე თქმით, მეფე ჩარლზ III-ს უკვე აცნობა.

მანვე „ლეიბორისტული პარტიის“ ეროვნულ აღმასრულებელ კომიტეტს კანდიდატების შერჩევის გრაფიკის შედგენა დაავალა და თქვა, რომ პროცესი ზაფხულის განმავლობაში წარიმართება, ახალი ლიდერი კი პარლამენტის წინაშე სექტემბერში წარდგება.

მანამდე კირ სტარმერი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად რჩება.

სტარმერი თანამდებობაზე 2024 წლის 5 ივლისს დაინიშნა. მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა – ანუ ბოლო 10 წლის განმავლობაში სტარმერი ქვეყნის მეექვსე პრემიერ-მინისტრია.

სავარაუდოდ, კირ სტარმერის ადგილის დაკავებას ორი ბრიტანელი პოლიტიკოსი შეეცდება: ვეს სტრიტინგი და მანჩესტერის მერი ენდი ბერნჰემი.