სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს, 23 ივნისს, გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე, რომელსაც ჰქვია „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ და საქართველო-რუსეთის 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს რუსეთის მხრიდან ჩადენილ სასტიკ დანაშაულებს ეხება.
ქართველ მეომრებს რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ წარმოადგენდა.
ECHR-მა დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლები.
კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება) დაირღვა როგორც მატერიალური, ისე პროცედურული ასპექტით, რადგან უშანგი სოფრომაძე, კახაბერ ხუბულური და გიორგი ანწუხელიძე პატიმრობაში ყოფნის დროს დაიღუპნენ.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა) დაირღვა როგორც მატერიალური, ისე პროცედურული ასპექტით, რადგან უშანგი სოფრომაძე, კახაბერ ხუბულური, გიორგი ანწუხელიძე, დავით მალაჩინი, ზაზა კავთიაშვილი, იმედა ქუტაშვილი, მალხაზ მელაძე და კახაბერ ზირაქაშვილი აწამეს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა მტკიცებულებები ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმისა და რუსეთის ძალების მიერ დაკავებული ქართველი სამხედრო ტყვეების წამებისა და სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯის შესახებ და მიუთითა, რომ აქტიური საომარი მოქმედებებით გამოწვეული ქაოსის მიუხედავად, რუსეთი ინარჩუნებდა ეფექტურ კონტროლს აღნიშნულ ტერიტორიაზე და შესაბამისად, სამართლებრივად პასუხისმგებელი იყო ადამიანის უფლებათა დარღვევებზე.
„საიას“ განმარტებით, ეს გადაწყვეტილება აერთიანებს ორ საჩივარს. კერძოდ:
ჩიკვილაძე და ანწუხელიძე რუსეთის წინააღმდეგ (no. 22580/10)
2008 წლის აგვისტოს თვეში სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს ქართველი სამხედრო, გიორგი ანწუხელიძე. დაკავების დროს და შემდგომ იგი, სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების მხრიდან დაექვემდებარა წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. გიორგი ანწუხელიძე რამდენიმე თვის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, თუმცა, 2008 წლის დეკემბრის თვეში დადგინდა, რომ გიორგი ანწუხელიძეს, კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მოუსპეს სიცოცხლე. მის მიმართ განხორციელებული ქმედების სისასტიკე დასტურდება პირდაპირი ვიდეო-მტკიცებულებებით, თუმცა, ამ დრომდე დამნაშავე პირები არ დასჯილან. საქმეში განმცხადებელი პირები არიან გიორგი ანწუხელიძის მეუღლე და ორი შვილი, რომელთა უფლებები შეილახა მათი ოჯახის წევრის გაუჩინარებითა და შემდგომში განსაკუთრებული სისასტიკით სიკვდილით დასჯის გამო.
მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (no. 9184/09)
2008 წლის აგვისტოში ცხინვალში მიმდინარე შეიარაღებული მოქმედებების დროს სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევით, დააკავეს შვიდი ქართველი სამხედრო მოსამსახურე. აღნიშნული სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების ტყვეობაში 2008 წლის 19 აგვისტომდე. ამ პერიოდში სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა, რომლებიც ახორციელებდნენ მოქმედებებს რუსეთის კონტროლის ქვეშ და რუსი სამხედრო თუ ეთნიკური წარმოშობის პირების თანდასწრებით, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევით.
„საია“ ხაზს უსვამს საქმის პრეცედენტულობას და აცხადებს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა 2008 წლის ომსა და სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებით ომის აქტიური ფაზის დროს რუსეთის პასუხისმგებლობის.
კერძოდ, თუ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II) (no. 38263/08) საქმეში სასამართლო მიიჩნევდა, რომ 8-12 აგვისტოს აქტიური შეიარაღებული დაპირისპირების პერიოდი „ქაოსის“ კონტექსტიდან გამომდინარე არ ექცეოდა რუსეთის სივრცითი იურისდიქციის ქვეშ, ახალი გადაწყვეტილებით ეს მიდგომა ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე შეიცვალა.
სასამართლომ განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სხვა ლოკაციებზე საბრძოლო მოქმედებები გრძელდებოდა, ქალაქ ცხინვალში დაკავებული ქართველი სამხედროების მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე სასამართლომ რუსეთის ეფექტური კონტროლი და შესაბამისად, ევროპული კონვენციის 1-ლი მუხლით გათვალისწინებული საერთაშორისო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა ცალსახად დაადგინა. სტრასბურგის სასამართლომ ყურადღება გაამხვილა “საომარი მოქმედებების დაწყებამდე რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთის ე.წ. „მცოცავი ანექსიის“ შესახებ, რაც დასტურდება ე.წ. „პასპორტიზაციის“ პროცესითა და მისი ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგებით, ასევე იმ ფაქტით, რომ სეპარატისტული მთავრობა და უშიშროების ძალები დაკომპლექტებული იყო რუსი მაღალჩინოსნებით და დე-ფაქტო მათ მიერ კონტროლდებოდა”.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოპასუხე სახელმწიფოს, ანუ რუსეთს დაავალა, რომ გადაწყვეტილების საბოლოოდ ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში გადაიხადოს კომპენსაცია არამატერიალური ზიანისთვის:
- 65 000 ევრო უშანგი სოფრომაძის ოჯახს;
- 65 000 ევრო კახაბერ ხუბულურის ოჯახს;
- 65 000 ევრო გიორგი ანწუხელიძის ოჯახს;
- 40 000 ევრო თითოეულ დანარჩენ მომჩივანს.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო მიუთითებს, რომ თუ მოპასუხე სახელმწიფო თანხას არ გადაიხდის სამთვიან ვადაში, მას დაერიცხება პროცენტი.