ევროკომისიამ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხიდან პირველი ტრანში გამოყო.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, გდანსკში უკრაინის რეკონსტრუქციის საკითხზე კონფერენციის გახსნისას გამოაცხადა, რომ უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების პირველი ტრანში 3.2 მილიარდ ევროს მოიცავს და თანხა დრონების წარმოებას მოხმარდება.
„დღეს სესხის პირველ ტრანშს გამოვყოფთ. მოხარული ვარ, რომ ამის შესახებ ვაცხადებ“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, უახლოესი დღეების განმავლობაში უკრაინისთვის თანხის გამოყოფა 6 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტიდანაც დაიწყება, რომელიც დრონების წარმოებისთვის იქნება განკუთვნილი.
€90-მილიარდიანი სესხი 2026–2027 წლებისთვის დამტკიცებული მასშტაბური პაკეტია, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ომისდროინდელი ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვასა და თავდაცვის ინდუსტრიის (მაგალითად, დრონების წარმოების) დაფინანსებას.
ის ორ ძირითად ნაწილად იყოფა: 60 მილიარდი ევრო – სამხედრო დახმარებისა და თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად. 30 მილიარდი ევრო – მაკროფინანსური და საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის.
€90-მილიარდიანი სესხის საბოლოოდ დამტკიცება უკრაინისთვის მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც 12 აპრილის არჩევნების შედეგად უნგრეთში ხელისუფლება შეიცვალა. მანამდე სესხს, რუსეთის მიმართ სანქციების პაკეტთან ერთად ვიქტორ ორბანი ბლოკავდა.
ამავდროულად, დღეს, 25 ივნისს ევროპულმა საბჭომ კიევისთვის 2.8 მილიარდი ევროს ოდენობის ტრანში დაამტკიცა.
საბჭოს მიერ დამტკიცებული 2.8 მილიარდი ევროს გადახდა (მეშვიდე რეგულარული ტრანში) არის უკრაინის მიერ აღებული ვალდებულებების (20-დან 11 საჭირო ნაბიჯის) წარმატებით შესრულების შედეგი.