მიწოდების შეფერხების გამო ჩრდილოეთ კავკასიაში საწვავის გაყიდვაზე შეზღუდვები დაწესდა

პუბლიკა

ავტორი: ელიზავეტა ჩუხაროვა 

რუსეთში საწვავის მიწოდების შეფერხებამ ჩრდილოეთ კავკასიის რამდენიმე რესპუბლიკა აიძულა, ბენზინის გაყიდვაზე შეზღუდვები და მისი ხელმისაწვდომობის მონიტორინგის სისტემები შემოეღო. შეზღუდვები დაწესდა ადიღეაში, ჩრდილოეთ ოსეთსა და დაღესტანში.

ადიღეში თითო ავტომობილზე გასაყიდი საწვავის რაოდენობაზე შეზღუდვა დაწესდა. ჩრდილოეთ ოსეთი უშვებს ონლაინ პლატფორმას, რომელიც აჩვენებს მარაგებს ბენზინგასამართ სადგურებზე, ხოლო დაღესტანში ოფიციალურად დაადასტურა მიწოდების პრობლემებისა და ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზე დაწესებული შეზღუდვების შესახებ.

ადიღეს ხელმძღვანელმა მურატ კუმპილოვმა 24 ივნისს განაცხადა, რომ მსუბუქი ავტომობილებისთვის საწვავის გაყიდვაზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება უკავშირდება ბენზინგასამართ სადგურებზე მოთხოვნის ზრდას, გრძელ რიგებსა და მძღოლების მცდელობას, დიდი რაოდენობით საწვავი შეიძინონ. კუმპილოვმა დასძინა, რომ საწვავის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება და მომწოდებლების ხელთ არსებული ბენზინისა და დიზელის მარაგები დადგენილ ნორმებს შეესაბამება.

ხელისუფლებას არ დაუკონკრეტებია საწვავის მაქსიმალური რაოდენობა, რომლის შეძენაც ბენზინგასამართ სადგურზე ერთი მისვლით არის შესაძლებელი. შეზღუდვები მოხსენიებულია, როგორც ღონისძიება, რომელიც მომხმარებლებს შორის საწვავის „თანაბარ განაწილებას“ ემსახურება.

ჩრდილოეთ ოსეთში ხელისუფლებამ გადაწყვიტა, შექმნას ციფრული რუკა, რომელიც ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის მარაგების რაოდენობას აჩვენებს. ინფორმაცია საწვავის მარაგების შესახებ რეალურ დროში განახლდება როგორც ბენზინგასამართი სადგურების მფლობელების, ისე თავად მომხმარებლების მიერ.

ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელმა სერგეი მენიაილომ მოსახლეობას მოუწოდა, საწვავი „მოსამარაგებლად“ არ შეიძინონ და დაარწმუნა, რომ რესპუბლიკაში ბენზინისა და დიზელის მარაგი საკმარისია.

ადგილობრივი მედია „კრილია TV“ იუწყება, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩრდილოეთ ოსეთში ბენზინის ფასი საშუალოდ 4%-ით გაიზარდა და ერთ ლიტრზე 73.13 რუბლს (0.97 აშშ დოლარი) მიაღწია. ამავე პერიოდში დიზელის ფასი 3.9%-ით გაიზარდა და ერთი ლიტრის ღირებულება 76.14 რუბლი (1.02 დოლარი) გახდა.

ყველაზე მკვეთრად გაძვირდა AI-92 მარკის ბენზინი – 4.3%-ით, ლიტრზე 69.30 რუბლამდე (0.92 დოლარი). AI-95-ის ფასი 74.37 რუბლამდე (0.99 დოლარი), ხოლო AI-98-ის – 94.46 რუბლამდე (1.26 დოლარი) გაიზარდა.

მედიის ინფორმაციით, ბენზინის ფასები ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის ყველა რეგიონში გაიზარდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა როგორც ოლქის, ისე მთლიანად რუსეთის მასშტაბით დაფიქსირდა დაღესტანსა (+16.5%) და ჩეჩნეთში (+15.2%).

ყაბარდო-ბალყარეთში ბენზინის ფასი 12%-ით გაიზარდა და ლიტრზე 82.03 რუბლი (1.10 დოლარი) შეადგინა, ყარაჩაი-ჩერქეზეთში – 1.1%-ით, 71.42 რუბლამდე (0.95 დოლარი), ხოლო ინგუშეთში – 0.9%-ით, 70.52 რუბლამდე (0.94 დოლარი).

დაღესტანში საწვავის მიწოდების შეფერხებებმა ასევე გამოიწვია შეზღუდვები ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზე. რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, ერთ მომხმარებელზე ახლა არაუმეტეს 20 ლიტრი ბენზინისა და 50 ლიტრი დიზელის გაყიდვაა ნებადართული. დროებითი ლიმიტები დაწესდა იმის თავიდან ასაცილებლად, რასაც ოფიციალური პირები „ხელოვნურ დეფიციტს“ უწოდებენ.

სამინისტრომ მოუწოდა მოსახლეობას, არ შეეცადონ საწვავის შეძენა „კანისტრებით“ ან სხვა კონტეინერებით და ბენზინი მანქანაში მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ჩაასხან.

დაღესტნის ხელისუფლების განმარტებით, დეფიციტი გამოწვეულია მიწოდების შეფერხებით – ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა უკვე გაყიდული საწვავის გადაზიდვა ვერ უზრუნველყვეს. ოფიციალურმა პირებმა ვითარება მუნიციპალიტეტებისა და ბენზინგასამართი სადგურების ოპერატორებთან განიხილეს, თუმცა განაცხადეს, რომ პრობლემა ჯერ კიდევ მოუგვარებელია.

ადგილობრივები იუწყებიან, რომ დაღესტანში ბევრ ბენზინგასამართ სადგურზე საწვავი საერთოდ აღარ არის. ავტომობილების მძღოლები საწვავის ჩასასხმელად რამდენიმე საათის განმავლობაში რიგში დგანან. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ბევრ სადგურზე გაზიც აღარ არის ხელმისაწვდომი.

მოსახლეობა საწვავის დეფიციტზე საუბრობს ყაბარდო-ბალყარეთშიც. ადგილობრივების თქმით, მსხვილ ქსელურ ბენზინგასამართ სადგურებზე, სადაც ფასები შედარებით დაბალია, საწვავი ხშირად არ აქვთ, კერძო სადგურები კი ბენზინს მნიშვნელოვნად უფრო ძვირად ყიდიან.

ჩეჩნური ოპოზიციური მოძრაობა NIYSO ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ჩეჩნეთში „როსნეფტის“ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის გაყიდვაზე შეზღუდვები დაწესდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ ტრანზაქციაზე მომხმარებელს მაქსიმუმ 1,500 რუბლის (20 დოლარის) ღირებულების საწვავის შეძენა შეუძლია.

საწვავის მიწოდების პრობლემებმა კომერციულ ტრანსპორტზეც იმოქმედა. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, შეფერხებებმა გავლენა მოახდინა ავიაკომპანია „აზიმუტის“ (Azimuth Airlines) მუშაობაზე, რომელიც ასრულებს ფრენების მნიშვნელოვან რაოდენობას რუსეთის სამხრეთში.

რეგიონებში საწვავის შეზღუდვები რუსეთის მრავალ ნაწილში ბენზინის უფრო ფართო დეფიციტის ფონზე დაწესდა. შეფერხების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ნავთობის გადამუშავების მოცულობის შემცირება და ნავთობპროდუქტების მიწოდების ლოჯისტიკური სირთულეები.

ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მუშაობა არაერთხელ შეფერხდა, მათ შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დრონებით განხორციელებული თავდასხმების გამო. მიწოდებაზე ზეწოლას ასევე ხელი შეუწყო ზაფხულის სეზონურმა მოთხოვნამ, როდესაც მგზავრობის ინტენსივობა და საწვავის მოხმარება იზრდება.

რუსული გამოცემა „კომერსანტის“ ცნობით, უკვე რუსეთის 15 რეგიონის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საწვავის გაყიდვაზე შეზღუდვები დაწესდა.

მანამდე რუსეთის ხელისუფლებამ შიდა საწვავის ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით რამდენიმე ღონისძიება გაატარა, მათ შორის, გაახანგრძლივა ბენზინის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები, რათა შენარჩუნებულიყო შიდა მიწოდება სეზონური მოთხოვნისა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის პერიოდში.

ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებისთვის საწვავის დეფიციტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან რეგიონი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კერძო ავტოტრანსპორტზე. ბევრ რაიონში, განსაკუთრებით მთიან ადგილებში, ავტომობილი დასახლებებს შორის გადაადგილების ძირითადი საშუალებაა, ხოლო ალტერნატიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა შეზღუდულია.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.