„მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც უკრაინამ დაბომბა, სულ მცირე, 6 თვე ვერ განაახლებს მუშაობას“ - Reuters

პუბლიკა

მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც უკრაინული დრონების თავდასხმების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა, სულ მცირე, ექვსი თვის განმავლობაში ვერ განაახლებს მუშაობას, – ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ქარხანა მოსკოვისა და მისი რეგიონისთვის საწვავის უმსხვილესი მიმწოდებელია. მიმდინარე თვეში ის ორჯერ გახდა უკრაინული დრონების სამიზნე, რის გამოც საწარმომ მუშაობა შეაჩერა.

„აღდგენას, სულ მცირე, ნახევარი წელი დასჭირდება“, – უთხრა Reuters-ს ერთ-ერთმა წყარომ.

Reuters წერს, რომ უკრაინული დრონების დარტყმის შედეგად რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის მნიშვნელოვანი ნაწილი მწყობრიდან გამოვიდა, რამაც გამოიწვია ნავთობპროდუქტების დეფიციტი, საწვავის ფასის ზრდა და ავტოგასამართ სადგურებზე გრძელი რიგები ქვეყნის მრავალ რეგიონში.

უახლესი მონაცემების მიხედვით, „გაზპრომ ნეფტის” ქარხანამ 2024 წელს 11.6 მილიონი ტონა ნავთობი გადაამუშავა. საწარმომ აწარმოა 2.9 მილიონი ტონა ბენზინი და 3.2 მილიონი ტონა დიზელი.

საწვავის დეფიციტის ფონზე, რუსეთის მთავრობა დიზელის ექსპორტის აკრძალვის შესაძლებლობას განიხილავს. ამასთან, გამოცემა „ვედომოსტიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დეფიციტის დასაძლევად, განსაკუთრებით ოკუპირებულ ყირიმში, საწვავის იმპორტის შესაძლებლობაც განიხილება. ოკუპირებულ ყირიმში მოსახლეობისთვის ბენზინის საცალო გაყიდვა უკვე შეჩერებულია.