ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის გამო“ აშშ-ის ავიაციამ ირანის სარაკეტო და დრონების საწყობებს, ასევე სანაპირო რადარების ობიექტებს დაარტყა.
„შეიძლება დადგეს მომენტი, როცა ზომიერება შეუძლებელი გახდება და იძულებულნი ვიქნებით სამხედრო გზით დავასრულოთ საქმე, რომელიც ძალიან წარმატებით დავიწყეთ. თუ ეს მოხდება, ირანის ისლამური რესპუბლიკა აღარ იარსებებს“, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, დარტყმები პასუხი იყო ირანული დრონით პანამის დროშის ქვეშ მცურავ ნავთობტანკერ Kiku-ზე განხორციელებულ თავდასხმაზე, რომელსაც სრუტის საშუალებით დაახლოებით ორი მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი გადაჰქონდა.
საპასუხოდ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ 28 ივნისს რაკეტებითა და დრონებით დაბომბეს კუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-სთან დაკავშირებული ობიექტები.
„ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა ეწინააღმდეგება ურთიერთგაგების მემორანდუმის პირველ პუნქტს და გამოიწვევს ყველა დიპლომატიური პროცესის სრულ შეჩერებას“, – ნათქვამია მათ განცხადებაში.