ურსულა ფონ დერ ლაიენი და მარტა კოსი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევიან

პუბლიკა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი უახლოეს დღეებში აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევიან. ვიზიტების შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ვიზიტი აზერბაიჯანში 1 ივლისს იგეგმება, ხოლო სომხეთში – 2 ივლისს.

ვიზიტები ოთხ ძირითად პრიორიტეტზე იქნება ორიენტირებული:

გასულ წელს შეთანხმებული ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების საფუძველზე სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა; რეგიონსა, ასევე ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის დაკავშირებადობის გაუმჯობესება; ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავება; რუსეთის ეკონომიკური ზეწოლის პირობებში სომხეთის მხარდაჭერა.

პრესსამსახურის ცნობით, 1 ივლისს ფონ დერ ლაიენი ბაქოში ილჰამ ალიევს შეხვდება და მოგვიანებით, ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ პრესისთვის. მომდევნო დღეს, 2 ივლისს კი, ერევანში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება, რის შემდეგაც ასევე პრესკონფერენცია გაიმართება.

ბოლო ორი თვის განმავლობაში ერევანში ევროკომისიის პრეზიდენტის რიგით მეორე ვიზიტი იქნება. 4 ივნისს ურსულა ფონ დერ ლაიენმა სომხეთისთვის მხარდაჭერის 50-მილიონიანი ევროს პაკეტი გამოაცხადა, რუსეთის სავაჭრო შეზღუდვების საპასუხოდ, დაზარალებული ქვეყნისადმი სოლიდარობის ნიშნად.
მაშინ ევროკომისიის ხელმძღვანელმა რუსეთის მხრიდან სომხეთისთვის პროდუქციის იმპორტის აკრძალვის საკითხზე თქვა, რუსეთის ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა ეკონომიკური იძულება, და ეს მიუღებელია.