ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ელენე ხოშტარიას სამკურნალოდ კლინიკა „ვივამედში” გადაიყვანენ.
„ჩვენ თანახმა ვართ, რომ მსჯავრდებული ელენე ხოშტარია გადავიყვანოთ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში – „ვივამედში“, სადაც ის გაივლის შესაბამისს, დამატებით კვლევებს – ეს მოხდება უახლოეს დღეებში, დაახლოებით ორი დღის განმავლობაში“, – ამის შესახებ ბრიფინგზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ განაცხადა.
ხოშტარიას ექიმის, მაკა იოსელიანის თქმით, სრულყოფილი სადიაგნოსტიკო გამოკვლევების შემდეგ ჩამოყალიბდა მკურნალობის გეგმა:
„ელენე ხოშტარია გადავა „ვივამედში”, ჩატარდება ყველა საჭირო კვლევა, როგორც ლაბორატორიული, ისე ინსტრუმენტული. ჩატარდება ყველა იმ სპეციალისტის კონსულტაცია, ვისიც ჩავთვლით საჭიროდ, და მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგ, როცა საბოლოოდ გამოირიცხება ინფექცია, დაისმება დიაგნოზი საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისად დაიწყება მკურნალობა.
როგორც მითხრეს, მომცეს თანხმობა, თუკი გადაწყვეტილება მიიღება ჩვენს მიერ, ანუ ექიმების მიერ, რომ დაწყებული იქნეს ბიოლოგიური დაავადების მამოდიფიცირებელი პრეპარატები, ოღონდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს გაკეთდება მხოლოდ და მხოლოდ სრული კვლევის შემდგომ, ეს თერაპიაც დაიწყება „ვივამედის“ კედლებში. ჩატარდება რამდენიმე ინექცია და მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდგომ გადაწყდება პაციენტის გადაყვანა [ციხეში]…“, – ამბობს იოსელიანი.