საია: algorithmwatch-ის გამოძიება კიდევ უფრო აღრმავებს შეშფოთებას სათვალთვალო ტექნოლოგიების გამოყენებაზე

პუბლიკა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია algorithmwatch-ის იმ გამოძიებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც შინაგან საქმეთა სამინისტრო სახის ამომცნობ სპეციალურ სისტემას მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან ყიდულობს და რაც „ეფესბესთან” კავშირშია. 

საიას თქმით, ქართული ოცნება პროტესტის წინააღმდეგ 2024 წლის ბოლოდან აქტიურად იყენებს ისეთ სათვალთვალო ტექნოლოგიებს, რაც ადამიანის უფლებებთან შეუსაბამობაშია.

„ასეთი ტექნოლოგიების გამოყენება, მათი მახასიათებლების შესახებ საკმარისი ინფორმაციის არარსებობის და ადამიანის უფლებათა დაცვის საკანონმდებლო გარანტიების ნაკლებობის პირობებში, მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ, ცალსახად პროტესტის ჩახშობას, შეკრების თავისუფლებით სარგებლობისთვის ადამიანების დასჯას და საზოგადოებაში მსუსხავი ეფექტის შექმნას ემსახურება. ამ საკითხს ახალ სიმწვავეს სძენს Algorithmwatch-ის მიერ 2026 წლის 27 ივნისს გამოქვეყნებული გამოძიება, რომელიც კიდევ უფრო აღრმავებს შეშფოთებას აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით და აჩენს ახალ შეკითხვებს მოქალაქეთა უფლებების დაცვასთან და მათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით”, – წერია საიას განცხადებაში.

ორგანიზაციის შეფასებით, შსს უნდა აკეთებდეს განმარტებებს algorithmwatch-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შესახებ და ინფორმაციას აწვდიდეს საზოგადოებას, თუ რა ტიპის სათვალთვალო საშუალებებს იყენებს და რა ფორმით საპროტესტო აქციების წინააღმდეგ;

 საიას თქმით, მიუხედავად ტენოლოგიების წარმომავლობისა, შსს უარს უნდა ამბობდეს მშვიდოებიანი პროტესტის მონაწილეთა წინაარმდეგ სახის ამომცნობი ტექნოლოგიების, ციფრული პროფაილინგის (პროფილის შესადგენად დამუშავებისა და ანალიზის სისტემები) სისტემების გამოყენებაზე, მათი ციფრული გამოსახულებების გადაღებასა და შენახვაზე ან ასეთი გამოსახულებებიდან მიღებული მონაცემების (მაგალითად, კონკრეტული პირის შეკრებაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია) მუდმივ ან სისტემურ ბაზაში შენახვაზე.

„ეუთო ოდირის რეკომენდაციის შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, უნდა ქმნიდეს შექანიზმს, რომელიც ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს, გაიგონ, მოიპოვეს და შეინახეს თუ არა მათ შესახებ ინფორმაცია და რა ტიპის ინფორმაციაა ეს, ასევე შესაძლებლობას აძლევდეს მათ, ეფექტიანად გაასაჩივრონ მათი პერსონალური ინფორმაციის მოპოვება, შენახვა და დამუშავება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოქმედი რედაქციით კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყებაა, უნდა ატარებდეს ობიექტურ, დროულ და ეფექტიან მოკვლევას აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენებასთან, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა სავარაუდო საერთაშორსო გადაცემასთან დაკავშირებით და საზოგადოებას აცნობდეს მის შედეგებს”, – წერია განცხადებაში.

27 ივნისს algorithmwatch-მა გამოძიება გამოაქვეყნა. გამოძიების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2013 წლიდან სახის ამომცნობ სპეციალურ სისტემას – Polyface მოსკოვში დაფუძნებული კომპანია Papillon AO-სგან ყიდულობს, რომელიც კავშირშია უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურთან (FSB).