უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირლანდიას ევროკავშირის თავმჯდომარეობა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ „ექვსთვიანი პერიოდის არცერთი თვე არ დაიკარგება“.
„უკვე ახლა, ივლისში, არსებობს რეალური შესაძლებლობა, გაიხსნას მოლაპარაკებების დარჩენილი ხუთივე კლასტერი. ამისთვის არ არსებობს არანაირი არსებითი დაბრკოლება. ასევე ველით, რომ რუსეთის მიმართ ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება“, – დაწერა ზელენსკიმ X-ზე.
მან ასევე თქვა, რომ ამჟამად უკრაინამ მიაღწია ისეთ ეტაპს, როცა მათი შორ და საშუალო მანძილზე მოქმედი „სანქციების“ წყალობით რუსეთი განსაკუთრებით მოწყვლადი გახდა.
„ეს წარმატებები უნდა გამყარდეს ევროპის და ჩვენი სხვა პარტნიორების ახალი, გადამწყვეტი ნაბიჯებით. ამასთანავე, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს ყველა იმ პროგრამაში, რომელიც ევროპის გაძლიერებას ემსახურება, განსაკუთრებით კი ჩვენი ერთობლივი თავდაცვის თანამშრომლობის მიმართულებით. უკრაინა მზად არის აქტიური მუშაობისთვის, რადგან ჩვენი საერთო ძალა და ერთიანობა ჩვენი საერთო უსაფრთხოების საფუძველია“, – აცხადებს ზელენსკი.
დღეიდან, 1 ივლისიდან ირლანდია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა. თავმჯდომარეობა ირლანდიამ კვიპროსისგან გადაიბარა.
უკრაინის პრეზიდენტმა კვიპროსს მადლობა გადაუხადა მისი თავმჯდომარეობით „საბჭოს ნაყოფიერი და შინაარსიანი თავმჯდომარეობისთვის“.
„ამ ექვსი თვის განმავლობაში შევძელით მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალურად დაწყება. ამოქმედდა ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი. ასევე დამტკიცდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი. ამ ისტორიულმა ნაბიჯებმა უკრაინა და მთელი ევროპა კიდევ უფრო გააძლიერა. მადლიერი ვარ ასეთი ეფექტიანი მუშაობისა და ჩვენი თანამშრომლობისთვის“, – წერს ზელენსკი.
ევროკავშირმა უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრების მოლაპარაკების პირველი კლასტერი 15 ივნისს გახსნა.
ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები დაყოფილია ექვს სხვადასხვა ე.წ. კლასტერად, რომლებიც ევროკავშირის კანონმდებლობის სფეროებს ან „თავებს“ ფართო თემატურ პოლიტიკურ მიმართულებებად აჯგუფებს. არის 35 თავი, რომელიც განაწილებულია 6 კლასტერში. მოლაპარაკებებში პირველი კლასტერი ეხება ევროკავშირის ფუნდამენტურ დემოკრატიულ, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ საფუძვლებს. მიუხედავად იმისა, რომ პირველი იხსნება, ის არის ბოლო, რომელიც იხურება.
უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც უნგრეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა მოხსნა ვეტო, რომლითაც მისი წინამორბედი ვიქტორ ორბანი უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრებას ბლოკავდა.
უკრაინული მხარე იმედოვნებდა, რომ 2026 წლის ივლისშივე გახსნიდა დარჩენილ 5 სამოლაპარაკო კლასტერს. თუმცა, ევროკავშირის ლიდერების სამიტზე 18-19 ივნისის პეტერ მადიარმა პროცესი შეანელა.
ევროკავშირის სამიტის დასკვნითი დოკუმენტის პროექტიდან, სწორედ მადიარის დაჟინებული მოთხოვნით, ამოიღეს სიტყვები „რაც შეიძლება მალე“ უკრაინის მომდევნო კლასტერების გახსნასთან დაკავშირებით.
მადიარმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის პროცედურების ხელოვნური დაჩქარება „ძალიან ნეგატიური სიგნალი“ იქნება დასავლეთ ბალკანეთის იმ ქვეყნებისთვის (მაგ. მონტენეგრო, სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია), რომლებიც წლებია, რიგში დგანან და კლასტერულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.