აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა დაბადებით მოქალაქეობის კონსტიტუციური უფლება და გააუქმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანებულება, რომელიც ამ პრინციპის შეზღუდვას ითვალისწინებდა.
გადაწყვეტილება აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 30 ივნისს გამოიტანა.
სასამართლომ უარყო ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობა, შეეცვალა საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მოქმედი კონსტიტუციური პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბადებული ნებისმიერი ადამიანი ავტომატურად იღებს აშშ-ის მოქალაქეობას, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა მისი მშობლები ქვეყნის მოქალაქეები.
გადაწყვეტილება მნიშვნელოვან მარცხად მიიჩნევა დონალდ ტრამპისთვის, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ დაპირებად დაბადებით მოქალაქეობის უფლების შეზღუდვა და ე.წ. „სამშობიარო ტურიზმის“ დასრულება დაასახელა. ეს საკითხი მისი საიმიგრაციო პოლიტიკის ერთ-ერთი ცენტრალური მიმართულებაც იყო.
უმრავლესობის სახელით გადაწყვეტილება სასამართლოს მთავარმა მოსამართლე ჯონ რობერტსმა დაწერა. მას მხარი დაუჭირეს როგორც კონსერვატორმა, ისე ლიბერალმა მოსამართლეებმა. გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ კონსერვატორი მოსამართლეები: კლარენს თომასი, სემუელ ალიტო და ნილ გორსაჩი.
გადაწყვეტილებაში ჯონ რობერტსმა აღნიშნა, რომ მოქალაქეობა წარმოადგენს „უფლებას, გქონდეს უფლებები“ და გადაწყვეტილებაში დაწერა:
„მოქალაქეობა, მაშინაც და ახლაც, იყო უფლება, გქონდეს უფლებები: თავისუფლად მიიღო მონაწილეობა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. მე-14 შესწორების ავტორებმა ეს დაპირება გაავრცელეს “ამ მიწაზე დაბადებულ ყველა თავისუფალ ადამიანზე“. ჩვენ დღეს ვასრულებთ ამ დაპირებას“.
აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 კონსტიტუცია ამბობს:
„ყველა პირი, რომელიც დაიბადა ან ნატურალიზებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში და ექვემდებარება მის იურისდიქციას, არის ამერიკის შეერთებული შტატებისა და იმ შტატის მოქალაქე, სადაც ცხოვრობს“.